სერბეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე 16 წლის ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე შედეგიანად ასპარეზობას განაგრძობს. „მეგა ლეკსის“ საკუთრება, თუმცა „სმედერევოში“ განათხოვრებულმა ბითაძემ ამასწინათ 19 წუთში 18 ქულა ჩააგდო, გასულ ტურში კი მან ისევ 18 ქულას უწია.
ბითაძე „სმედერევოში“ იმიტომაა განათხოვრებული, რომ დიდებში თამაშის პრაქტიკა მიიღოს. სერბეთის მოწინავე გუნდები - „ცრვენა ზვეზდა“, „პარტიზანი“, FMP და „მეგა ლეკსი“ სხვა წამყვან ბალკანურ გუნდებთან ერთად ადრიატიკის ლიგაზე თამაშობენ და როცა ეს ჩემპიონატი დასრულდება, საკუთარი ქყვეყნის ეროვნულ პირველობაში ცდიან ძალებს. ადრიატიკის ლიგის პარალელურად მიმდინარეობს სერბეთის ჩემპიონატი და სწორედ აქ ასპარეზობს „სმედეროვო“, რომელიც აუტსაიდერთა შორისაა.
გასულ ტურში ბითაძის გუნდი სტუმრად „მლადოსტ ადმირალს“ შეხვდა და 66:97 განაგურდა. 214-სანტიმეტრიანმა ქართველმა ცენტრმა 24 წუთში 18 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ბითაძემ 11-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა, რაც “სმედერევოს” რიგებში ვერავინ გადაფარა. ისიც ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონში ჩვენებურის საშუალო მაჩვენებლები ასეთია: 16.7 წუთი, 9.7 ქულა, 4.5 მოხსნა, 1.2 ბლოკ-შოტი.
“სმედერევის” ექვს ტურში ერთადერთი მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ აუტსაიდერ “კონსტანტინს” უსწრებს. ქართველი კალათბურთელის კლუბს შემდეგი მატჩი 19 ნოემბერს, შინ, “ბეოვუკ 72”-თან ელის.
gbf.ge