კალათბურთი

11:22 | 14.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინისა და ბურჯანაძის კარგი თამაშით "ანდორამ" სტუმრად იმარჯვა

ქართველების მორიგი შედეგიანი თამაში და „ანდორას“ მორიგი გამარჯვება. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის გუნდი აუტსაიდერ „ბრუესას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში - 93:91 დაამარცხა, რაშიც ლომის წილი ქართველმა ლეგიონერებმა დაიდეს.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22:12 წუთში სტუმართა მხრიდან ყველაზე მეტი – 15 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 5 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
მოედანზე 24:04 წუთი გაატარა ბურჯანაძემ, რომლის მონაგარიც 11 ქულა, 5 მოხსნა (4 შეტევაში) და 2 ჩაჭრა გახლდათ. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო გამოიყენა, 2 შეცდომა დაუშვა, ერთხელ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

5 მოგებითა და 2 მარცხით „ანდორა“ ცხრილში მე-5 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 19 ნოემბერს, ქართველების გუნდი „ობრადორიოს“ უმასპინძლებს.

gbf.ge

0.116068