ესპანურ “ბეტისს” გუსტავო პოიეტის ნაცვლად, ახალგაზრდა სპეციალისტი ვიქტორ სანჩესი გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია სევილიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
“ბეტისის” ხელმძღვანელობამ პოიეტი გუშინ დაითხოვა. ურუგვაელ მწვრთნელს ფეხბურთელების ნაწილთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და შედეგიც არ ჰქონდა მთლად დამაკმაყოფილებელი. ლა ლიგაში 11 ტურის შემდეგ”ბეტისი” 11 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.
40 წლის სანჩესი ანდალუსიურ კლუბს 2018 წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის. ვიქტორი 2015-2016 წლებში “დეპორტივოში” მუშაობდა, ხოლო 23 ივნისს “ოლიმპიაკოსის” დამრიგებელი გახდა, თუმცა ბერძნულ გრანდში მხოლოდ ორი თვე იმუშავა.