ავტოსპორტი

0:31 | 13.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენის“ შეძენა ჩინელ ინვესტორებს სურთ

ბრაზილიის დიდი პრიზის წინ, „სკაი ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც გვამცნობს, რომ „მაკლარენის“ ჯგუფის შესყიდვა ჩინურ კონსორციუმს სურს, რომელიც მზადაა, ბრიტანულ კომპანიაში 1.65 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. იმავე ინფორმაციის მიხედვით, „მაკლარენის“ შეფ რონ დენისს, გაყიდვის შემდეგაც, თავისი კომპანიის ხელმძღვანელად დარჩენა სურს.

„სკაი ნიუსი“ ჩინური კონსორციუმის სახელს არ აქვეყნებს. თუმცა გვაუწყებს, რომ მისი განზრახვა დენისმა „მაკლარენის“ აქციონერებს სპეციალურად მოწყობილ შეხვედრაზე ამცნო. დენისის გარდა, „მაკლარენის“ აქციონერები არიან ბაჰრეინის ეროვნული კეთილდღეობის ფონდი „მუმტალაკატი“ და საუდის არაბეთში დაბადებული ბიზნესმენი მანსურ ოიეჰი.

სან პაულუში, სადაც ფორმულა ერთის მიმდინარე ჩემპიონატის ბოლოსწინა ეტაპი ტარდება, „მაკლარენს“ ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. „სკაი ნიუსმა“ ვერც კომპანიის აქციონერებისგან მიიღო განმარტება. არაოფიციალური ინფორმაციით, ოიეჰს და „მუმტალაკატს“, „მაკლარენის“ ხელმძღვანელის პოსტიდან დენისის ჩამოქვეითება სურდათ, ვინც ფორმულა 1-ის გუნდს და კომპანიას 1980 წლიდან უდგას სათავეში. ის ფორმულა 1-ის გუნდის ხელმძღვანელის პოსტიდან 2009 წელს გადადგა, თუმცა 2014 წელს ისევ უკან ჩაიბარა.

სწორედ 2014 წლიდან შეიცვალა კომპანიის სახელი და მას „მაკლარენ ტექნოლოჯი გრუპი“ დაერქვა. მასში გაერთიანდა ფ1-ის გუნდი, სუპერ ავტომობილების მწარმოებელი კომპანია „მაკლარენი“ და მისი ტექნოლოგიური შტო, რომელიც სხვადასხვა პროექტებზე მუშაობს. მაშინვე „მუმტალაკატმა“ თანხმობა განაცხადა დენისისთვის აქციების 50 პროცენტის მიყიდვაზე, თუმცა ეს ვალდბულება ბოლომდე არ შეუსრულებია. ამჟამად დენისის და ოიეჰის ხელში აქციების 25-25 პროცენტია.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დენისი თავისი თანამდებობიდან კონტრაქტის ამოწურვისთანავე უნდა გადამდგარიყო, თუმცა „ავტოსპორტთან“ საუბრისას „მაკლარენის“ პრესმდივანმა კატეგორიულად უარყო, რომ დენისი ამის გაკეთებას აპირებდა.

თავის მხრივ, „მუმტალაკატის“ მთავარმა აღმასრულებელმა მაჰმუდ ალ-კოჰეჯიმ განაცხადა, რომ მისი ფონდი აღფრთოვანებულია დენისის მუშაობის სტილით: „ის არის ლოგება, ხელმძღვანელი, რომელსაც კომპანიისთვის შთაგონების მიცემა შეუძლია და ყველა იდეის ავტორია. ამიტომ, რასაც გადაწყვეტს, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. იმედი მაქვს, ის მუშაობას გააგრძელებს. მე კი ყველაფერს ვიღონებ, რათა მან დარჩენა გადაწყვიტოს“.

0.094278