კალათბურთი

14:26 | 12.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას მცირე ტრავმა და ბასკონიელთაგან განადგურებული "ფენერბაჰჩე"

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ევროლიგის ერთ-ერთი ფავორიტი „ფენერბაჰჩე“ შეარცხვინა. ბასკურმა კლუბმა ვიტორიაში სტამბოლელები 34 ქულით - 86:54 დაამარცხა, თუმცა ქართველმა ფორვარდმა ამ შეხვედრაში მხოლოდ 8:40 წუთი ითამაშა.

მიზეზი ტრავმაა, რომელიც სასტარტო ხუთეულში მყოფმა შენგელიამ პირველ პერიოდში მიიღო. ქართველ ფორვარდს ფეხი ამოუბრუნდა, ექიმების ჩარევის შემდეგ ის მოედანზე ცოტა ხანში დაბრუნდა, მაგრამ მწვრთნელმა არ გარისკა და გართულების თავიდან ასაცილებლად თორნიკეს დასვენების საშუალება მისცა.

იმ დროში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, შენგელიამ 1 ორქულიანი ააცილა და ბურთი 4-ჯერ მოხსნა. თორნიკემ ბურთი ერთჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესონი ამერიკელი შეინ ლარკინი, იტალიელი ანდრეა ბარნიანი და გერმანელი იოჰანეს ვოიგტმანი იყვნენ, რომელთაც 13-13 ქულა ჩააგდეს, სტუმართაგან კი 10-ქულიან ზღვარსაც ვერავინ უწია.
“ბასკონიამ” 4 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და კიდევ ხუთ გუნდთან ერთად, მეორე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს, ერთპიროვნული ლიდერი კი მოსკოვის ცსკა გახლავთ. რუსულმა გრანდმა მადრიდის “რეალს” 91:90 სძლია და ერთადერთი გუნდია, რომელსაც ევროლიგის მიმდინარე სეზონში ექვსივე მატჩი მოგებული აქვს.

შენგელიას კლუბს მომდევნო მატჩი 15 ნოემბერს, მილანში “ემპრიო არმანის” წინააღმდეგ ელის.

gbf.ge

0.06721