საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26 ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მეხუთე ტური რუსთავში, ადგილობრივი ,,რუსთავისა’’ და ,,მგზავრების’’ მატჩით გაიხსნა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვემოქართლელები ერთპიროვნულ ლიდერ ,,დინამოს’’ ერთი ქულით ჩამორჩებიან, ხოლო ,,მგზავრებს’’ ჯერ მოგება არ აქვთ და ,,სოხუმთან’’ ერთად აუტსაიდერები არიან ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ,,რუსთავის’’ უპირატესობით დაიწყო. ამერიკელი ლეგიონერის, უკანახაზელ ჩარლი ლის კარგი თამაშის წყალობით ქვემოქართლელებმა პირველი ტაიმი 10 ქულის სხვაობით 40: 30 მოიგეს.
დიდი შესვენების დასრულების შემდეგ, როგორც კი თამაში განახლდა სტუმრები გააქტიურდნენ და მესამე მეოთხედის მეხუთე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს 67: 67. ამის შემდეგ ისევ მასპინძლები დაეუფლნენ უპირატესობას. ბუბა ბერიშვილის შეგირდების სასახელოდ უნდა ითქვას რომ არ ნებდებოდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ მატჩის გადასარჩენად. მათმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და ძირითადი დროის დასრულებამდე 28 წამით ადრე ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანეს - 76: 78 და მატჩის გადარჩენის კარგი შანსი მიეცათ. მასპინძლებს მხსნელად ლი მოევლინათ, რომელმაც უაღრესად საჭირო ორქულიანი ჩააგდო და რუსთაველთა მიერ კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა 80:76.
შეიძლება ითქვას , რომ ქვემოქართლელებს ჩარლი ლიმ მოაგებინა, რომელმაც ,,რუსთავს’’ მოპოვებული ქულების თითქმის ნახევარი 34 ქულა შესძინა. მისმა თანაგუნდელმა და თანამემამულე ტომი სპანოლომ, 11 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
,,მგზავრების’’ მხრიდან ყველაზე კარგი შედეგი ცენტრალურმა თავდამსხმელმა რეჯინალდ მერფიმ აჩვენა, რომლმაც 20 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
,,რუსთავი’’- ,,მგზავრები’’ 80: 76 (20:12, 20: 18, 17: 26, 23: 20)







