მოლდოვის ნაკრების თავკაცმა იგორ დობროვოლსკიმ "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. დობროვოლსკი წარსულში კარგი ფეხბურთელი გახლდათ, ოლიმპიური ჩემპიონიცაა გელა კეტაშვილთან ერთად (1988 წელს, სეულში) და როცა კეტაშვილზე ჰკითხეს, უპასუხა, ხანდახან ერთმანეთს ვუკავშირდებითო.
დობროვოლსკი ჟურნალისტებთან, და არა მხოლოდ ჟურნალისტებთან, ხისტი და ცოტა ირონიულიცაა.
"ფეხბურთელთა ადამიანურ ფაქტორს როცა ეხება საქმე, როგორ უნდა გამოასწორო? შესაძლებელია ტაქტიკური შეცდომების გამოსწორება, ასევე ფიზიკურის... მიკროფონი რომ დაგივარდეთ, გეტყვით, "მაგრად დაიჭირეთ". მაგრამ ერთი წუთის შემდეგ მეორედ რომ დაგივარდებათ მიკროფონი, აქ უკვე სხვა პრობლემაა და გეტყვით: "კი მაგრამ, რატომ ვერ იჭერთ ხელში?" ადამიანური ფაქტორი სხვაა, საფეხბურთო - სხვა...
...ექსტრასენსი არ ვარ და ვერ გეტყვით, როგორ დასრულდება მატჩი. ისე კი, როგორც მწვრთნელს, მხოლოდ გამარჯვება მინდა. ფავორიტი? დღესდღეობით უკვე აღარ არსებობენ ფავორიტები და აუტსაიდერები. უბრალოდ, რადგან გუნდი შინ თამაშობს, ზოგჯერ მას ანიჭებენ უპირატესობას.
...საქართველოს ნაკრების ბოლო სამი მატჩი ვნახეთ. ვის გამოვარჩევ? ამას მოვერიდები, ისე კი თქვენი ნაკრების ფეხბურთელებს ვიცნობთ, ამაზე ნუ ნერვიულობთ." - განაცხადა იგორმა.
მოლდოველთა კაპიტანმა ალექსანდრ ეპურიანუმ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის საბრძოლო განწყობაა და მიზანი დადებითი შედეგის მიღწევაა. ეპურიანუმ თქვა, რომ ფრეც კარგი შედეგი იქნება მოლდოველთათვის, რადგან სტუმრად უწევთ თამაში.