23-წლამდელ ძიუდოისტთა შორის თელ ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ქართველთათვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა. საქართველოს სახელით შეჯიბრებაში სულ ოთხი სპორტსმენი ჩაება და მედლისთვის ბრძოლას ოთხივე საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშა.
თემურ ნოზაძემ (60 კგ) ევროპირველობა ბელარუს მიკიტა ბარისევიჩთან დაჭიდებით გახსნა და უილეთო შეხვედრაში ერთი გაფრთხილების უპირატესობით იმარჯვა. მეორე წრეში კი მომავალ ჩემპიონთან - რუსეთის ნაკრების წევრ სახავატ გაჯიევთან ბრძოლის ბედი ასევე ერთმა შიდომ გაჯიევის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
გიგა გიგაურმაც (73 კგ) გამარჯვებით დაიწყო – სომეხი არესნ ღაზარიანი ოთხწუთნახევარში ჩამოიშორა, მაგრამ ებრაელ დმიტრო რასკინს ვეღარ გასცდა.
თორნიკე ნაგლიაშვილმა (66 კგ) შეჯიბრება უკრაინელ არტემ ფალკივსკისთან იუკოთი წაგებით გახსნა და დაასრულა.
დღესვე, ევროტატამზე საქართველოს გოგონათა ნაკრების ერთადერთი წევრი მარიამ ჯანაშვილიც გავიდა, მაგრამ პირველსავე წრეში უხერხულ მეტოქეს – კოსოვოელ დისტრია კრასნიქს გადაეყარა. სწორედ მასთან დამარცხდა ჯანაშვილი შარშან, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში. რევანში არ შედგა. კრასნიქმა მეორედაც მოიგო, ამჯერად ვაზარით. მოგვიანებით კი ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ევროპირველობის პირველ დღეს პოდიუმზე ერთი ქართველი მაინც ავიდა – 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ჰოლანდიის ნაკრების წევრმა თორნიკე ჭკადუამ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ხვალ ევროკონკურენციაში მედლების დარჩენილი შვიდი კომპლექტი გათამაშდება. მათ შორის ოთხი ვაჟებში. საქართველოს სახელით საქმეში ჩაებმებიან: ლევან გუგავა, კობა მჭედლიშვილი (ორივე 81 კგ), ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე 90 კგ), ლაშა ტაველური (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
23-წლამდელები
თელ ავივი
11 ნოემბერი
ვაჟები
60 კგ
1 სახავატ გაჯიევი (რუსეთი)
2 ჩაბა სზაბო (უნგრეთი)
3 მარსელ ბიზონი (გერმანია)
3 თორნიკე ჭკადუა (ჰოლანდია)
66 კგ
1 დენის ვიერუ (მოლდოვა)
2 მანუელ შეიბელი (გერმანია)
3 ალექსანდრ რასკოპინე (ისრაელი)
3 ნილს სტამპი (შვეიიცარია)
73 კგ
1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
2 ტოჰარ ბუტბული (ისრაელი)
3 ანდრეა ჯისმონდო (იტალია)
3 აკილ გჟაკოვა (კოსოვო)
გოგონები
48 კგ
1 მილისა ნიკოლიჩი (სერბეთი)
2 რეკა პუპი (უნგრეთი)
3 ლაურა მარტინეს აბელენდა (ესპანეთი)
3 ალექსანდრა პოპი (რუმინეთი)
52 კგ
1 დისტრია კრასნიქი (კოსოვო)
2 ლარისა ფლორიანი (რუმინეთი)
3 კატინკა სზაბო (უნგრეთი)
3 ტიჰეა ტოპოლოვეცი (ხორვატია)
57 კგ
1 ტერეზა სტოლი (გერმანია)
2 ადი გროსმანი (ისრაელი)
3 ნატალია გოლდომიდოვა (რუსეთი)
3 დარია მეჟეცკაია (რუსეთი)
63 კგ
1 ლუსი რენშალი (ბრიტანეთი)
2 კამილა ბადუროვა (რუსეთი)
3 დიანა ჟიგაროსი (რუსეთი)
3 ლეა რეინმანი (გერმანია)