ფეხბურთი

20:50 | 11.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

კახა კალაძე იტალიელებს კვირკველიას შეძენას ურჩევს და უარი “იუვენტუსს” წლების წინ
“იბრაჰიმოვიჩი და დელ პიერო – მათ წინააღმდეგ თამაში ყველაზე რთული იყო”

“იტალია მიყვარს, მაგრამ საქართველოში დაბრუნება მსურდა, რომ ჩემი ქვეყნისთვის რაღაც გამეკეთებინა. ჩემთვის თანამდებობა, სკამი არაფერს ნიშნავს, მთავარია სარგებელი მოვუტანო იქიდან, სადაც ვარ”, – უთხრა იტალიურ გამოცემა secolo XIX-ს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად ქვეყნის ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, რომელიც ახლა იტალიაში იმყოფება.

ხსენებულმა გამოცემამ ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულ ქართველთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ – კალაძე ბევრ საკითხს შეეხო, მათ შორის როგორც პოლიტიკას, ისე ფეხბურთს. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი იტალიელებს საქართველოს ნაკრების მცველის, საბა კვირკველიას შეძენას ურჩევს. წარსულიდან კი იხსენებს, რომ თავის დროზე ტურინის “იუვენტუსის” შემოთავაზება უარით გაისტუმრა. ალესანდრო დელ პიერო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეებად მიაჩნია...

რატომ წახვედით პოლიტიკაში? – მინდოდა დახმარების ხელი გამეწოდებინა ჩემი თანამემამულეებისთვის, რომლებიც ტანჯვასა და გაჭირვებაში ცხოვრობენ. მინდა ისეთი საქართველოს ხილვა, რომელიც იქნება თავისუფალი და დემოკრატიული, სადაც ჩემი შვილებიც იცხოვრებენ ბედნიერად. ყველაფრის შეცვლა ადვილი არაა.

ტრამპს ტვიტერით მიულოცეთ გამარჯვება – ყველა ფიქრობდა, რომ კლინტონი მოიგებდა არჩევნებს, მაგრამ ვფიქრობ, ტრამპთანაც შესაძლებელი იქნება დიალოგი.

ფეხბურთი? – დიდი დრო არ მაქვს ფეხბურთის საყურებლად, მაგრამ კლუბებს, სადაც ვთამაშობდი მაქსიმალურად ვადევნებ თვალს. “მილანმა” ჩემს დროს ყველაფერი მოიგო, გამოვარჩევდი ჩემპიონთა ლიგის ორ თასს – ეს ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვებები იყო. “ჯენოაში” კი დამხვდა ტიფოზერია, რომელიც ნომერ პირველია, ძალიან მხურვალე ტიფოზები, რომლებიც გუნდით ცხოვრობენ. “მილანის” შემდეგ “იუვენტუსში” გადასვლა შემეძლო, მაგრამ არ ვიყავი საუკეთესო ფორმაში და მინდოდა ისეთ ადგილზე მოხვედრა, სადაც სათამაშო პრაქტიკა მექნებოდა და დავუბრუნდებოდი ჩემს სიმაღლეს. ჯამპიერო გასპერინიმ (მაშინ “ჯენოას” მწვრთნელი – ავტ) ფიზიკურად გააუმჯობესა ჩემი მდგომარეობა და 2010-2011 წლების სეზონში სერია A-ს საუკეთესო მცველებს შორის მოვხვდი.

ყველაზე კარგი მოგონებები "ჯენოადან" - ყველაზე მეტად ორს გამოვარჩევ: გენუის დერბი და "რომასთან" თამაში, რომელიც 0:3-დან 4:3 მოვიგეთ "ფერარისზე". მატია პერინი ჩემ დროს პრიმავერას გუნდის ლიდერი იყო და კარგი ბიჭია. ძალიან მიხარია, რომ მას იტალიის ნაკრებში ვხედავ, რადგან ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჯანლუიჯი ბუფონის შემცვლელი იყოს.

სილვიო ბერლუსკონი – ის იყო ძალიან დიდი პრეზიდენტი. მის ხელში “მილანი” გახდა ევროპის საუკეთესო გუნდი. ჩვენ ყოველთვის ახლო და შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. როგორც პოლიტიკოსი სამჯერ იყო ხელისფულების ლიდერი და მნიშვნელოვანი ფიგურა იტალიაში. ჩემი და მისი პოლიტიკური შეხედულებები განსხვავებულია, მაგრამ მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან დიდი ადამიანია.

თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგ ყველაზე რთული იყო თამაში – ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო ძალიან შემაშფოთებელი, შემდეგ კი ალესანდრო დელ პიერო. თუმცა, როდესაც პაოლო მალდინისთან და ალესანდრო ნესტასთან ერთად თამაშობ, ყველას შეჩერება შესაძლებელია.

რჩევა იტალიურ გუნდებს – საბა კვირკველია – მცველი საქართველოს ნაკრებიდან და ყაზანის “რუბინიდან”. და შემდეგ, ინვესტიციების ჩადებას ახალგაზრდებში ვურჩევდი, სადაც ბევრი საინტერესო მოთამაშე გყავთ.

0.126201