თამაშგარე

12:30 | 11.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბუდარა და ბუდარეხა” იტალიურად

თუკი ხასიათის უცნაურობითა და “სიმჟავით” ვიმსჯელებთ, იტალიელი შემტევი, სტეფან ელ შაარავი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მჟავე ვინმეა და ამას მისი გულისსწორიც, მოდელი ელიანა კარტელაც ადასტურებს, რომელიც ერთ დღეს სტეფანის სახელს აღმერთებს, მეორე დღეს კი მისი დანახვაც არ უნდა.

ელიანა კარტელა თავადაც საოცარი ვინმეა და იტალიის ბულვარული პრესა იძახის, ასე ბუდარა და ბუდარეხასავით როგორ ნახეს ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთიო. აგერ ამ ორი წლის წინ, ელიანა კარტელამ არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ პოდიუმზე იჩხუბა და ერთ-ერთ კოლეგა მოდელს გვარიანი მუჯლუგუნიც უთავაზა.

დღემდე არავინ იცის ზემოთდასახელებული საპოდიუმე სკანდალის ზუსტი მიზეზები, მაგრამ აპენინმებზე ამბობენ, ასეთ ქალს მიზეზი რად უნდა, მაგან თუ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, შეიძლება ჭეშმარიტად ქართულ-ლოთურად მეზობლების დათვლაც კი დაიწყოსო. მთავარია ბავშვი არ გააღვიძოს და პიანინოზე დაკვრა არ დააძალოს, თორემ დათვლას რა უშავს...

0.150586