დღეს, თელ ავივში 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი იწყება და მასში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. ვაჟთა გუნდი ისრაელში სრული შემადგენლობით - 9 სპორტსმენით გაემგზავრა, ახალგაზრდული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით. გოგონებში კი ევროკონკურენციაში ერთადერთი ქართველი ჩაებმება - მარიამ ჯანაშვილი, რომელიც 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვა.
განსაკუთრებით საინტერესოა 23-წლამდელთა განაცხადში ბექა ღვინიაშვილის გამოჩენა, რომელიც უკვე დიდი ხანია, ეროვნული ნაკრების წევრია. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბექა უბრუნდება თავის წონით კატეგორიას - 90 კილოგრამს. ამავე წონაში დებიუტი ექნება ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ გამოცდილ წევრს უშანგი მარგიანს.
დღეს ევროპის ჩემპიონატზე ვაჟებში პირველ სამ წონით კატეგორიაში: 60, 66 და 73 კილოგრამებში გათამაშდება მედლები, გოგონები კი ოთხ წონაში: 48, 52, 57 და 63 კილოგრამებში შეავსებენ ევროპის სამეულებს. დანარჩენი მედლები ხვალ გათამაშდება.
საქართველოს ნაკრები
ვაჟები
60 კგ - თემურ ნოზაძე
66 კგ - თორნიკე ნაგლიაშვილი
73 კგ - გიგა გიგაური
81 კგ - ლევან გუგავა და კობა მჭედლიშვილი
90 კგ - უშანგი მარგიანი და ბექა ღვინიაშვილი
100 კგ - ლაშა ტაველური
+100 კგ - გურამ თუშიშვილი
გოგონები
52 კგ - მარიამ ჯანაშვილი