ფეხბურთი

6:18 | 11.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიამ არგენტინა დაჩაგრა

სამხრეთ ამერიკის ზონაში, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-11 ტურის 5 შეხვედრა გაიმართა. საფეხბურთო სამყაროს უდიდეს ინტერესს ბელო ჰორიზონტეში გასამართი სუპერ კლასიკო იწვევდა. მასპინძლებმა ბრაზილიის ნაკრებმა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და არგენტინა უშანსოდ დაამარცხა.

ტიტე 4-1-4-1 ტაქტიკას დაეყრდნო და შემადგენლობის მხრივაც, განსაკუთრებული სიურპრიზი არ შემოუთავაზებია. ედგარდო ბაუზამ კი, 4-4-1-1 სქემა არჩია. აი, სასტარტო თერთმეტეული, მთლად ადეკვატური არ გახლდათ და ეს მატჩის შედეგზეც აისახა.

მასპინძლები მთელი მატჩის განმალობაში ფლობდნენ უპირატესობას, თუმცა პირველ ნახევარში შედარებით გაუჭირდათ და კოუტინიოს გოლამდე, განსაკუთრებული უპირატესობა ნამდვილად არ ჰქონია. პირიქით, 23-ე წუთზე ლუკას ბილიას გადატაც შეეძლო, მაგრამ ალისონმა აჯობა.

ერთ წუთში კი, ფელიპე კოუტინიომ შეტევის მარცხენა ფლანგზე გაილაღა: რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა, ცენტრისკენ შეიწია და სერხიო რომეროს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა.

გაშვებულმა გოლმა სტუმრებზე ძალიან ცუდად იმოქმედა და სათამაშო ინიციატივა მთლიანად “სელესაოს” ხელში გადავიდა. 38-ე წუთზე ნეიმარი ხავიერ მასკერანოს იოლად გაუსწორდა და ახლო მანძილიდან ცდილობდა გატანას, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. შვიდ წუთში ნეიმარმა მაინც გაიტანა, გაბრიელ ჟესუსმა შესანიშნავი პასით “ალბისელესტეს” მთელი დაცვა მოჭრა და “ბარსელონას” ფორვარდი რომეროსთან პირისპირ გაიყვანა, ნეიმარმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა და მეტოქეს გოლი გასახდელში გაატანა.

ედგარდო ბაუზამ გარდატეხის შესვენებაზე შეტანა სცადა და ენცო პერესის ნაცვლად, სერხიო აგუერო შემოუშვა. თუმცა, მესის, დი მარიას, იგუაინის და სხვების მსგავსად, აგუეროც ძალიან პასიური იყო და ხეირიანი არაფერი გაუკეთებია.

არგენტინელები მეორე ნახევარში კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებოდნენ. ვერანაირ კრიტიკას უძლებდა დაცვის თამაში: ფლანგებზე მასი და ზაბალეტა აიკლეს, ხოლო ცენტრში ფუნეს მორი საშინლად თამაშობდა. შედარებით ნორმალურად ნიკოლას ოტამენდი გამოიყურებოდა, თუმცა “მანჩესტერ სიტის” მცველი ჯადოქარი ნამდვილად არაა, რომ 4 კაცის საქმე გააკეთოს.

ბრაზილიას კი, ორბურთიანი ჰანდიკაპის გათვალისწინებით, ყველანაირი ფსიქოლოგიური წნეხი მოეხსნა და საკუთარი სიამოვნებისთვის დაიწყეს თამაში, რაც შესანიშნავად გამოუვიდათ. “სელესაოს” მოთამაშეებმა მაყურებელს არაერთი ლამაზი კომბინაცია, ფინტი და სახიფათო მომენტები შესთავაზეს და შეეძლოთ, რომ კიდევ უფრთო დიდი სხვაობით მოეგოთ.

56-ე წუთზე პაულინიოს შეეძლო გატანა, მაგრამ ხავიერ მასკერანომ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. თუმცა, სამ წუთში პაულინიომ მაინც შეძლო გატანა.

ტიტეს შეგირდებს ძალიან ბევრჯერ შეეძლოთ მეოთხე ბურთის გატანა. ნეიმარმა და ფირმინომ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, ხოლო არგენტინელები ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ და უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდს არაფრით ჰგავდნენ... 3:0.

ბრაზილიის ნაკრები 24 ქულით ლიდერია, ხოლო არგენტინა 16 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

მე-2 ადგილოსანმა ურუგვაიმ შინ ეკვადორს მინიმალური სხვაობით მოუგო. ანგარიში მე-12 წუთზე სებასტიან კოატესმა გახსნა, რასაც 44-ე წუთზე ფელიპე კაისედოს საპასუხო ბურთი მოჰყვა. ერთ წუთში კი, როლანმა საბოლოო ანგარიში ასახა ტაბლოზე – 2:1.

ურუგვაის 23 ქულა აქვს, ხოლო ეკვადორი 17 ქულით მეოთხეა.

პარაგვაის ნაკრები საკუთარ მოედანზე პირველი ტაიმის შემდეგ 1:0-ს უგებდა პერუს, თუმცა მეორე ნახევარში სტუმრებმა 4 უპასუხო ბურთის გატანა მოახერხეს – 1:4.

უგოლოდ დასრულდა კოლუმბიისა და ჩილეს ნაკრებების დაპირისპირება, ხოლო აუტსაიდერების ჯახში, ვენესუელამ საკუთარ მოედანზე 5 უპასუხო გოლი გაუტანა ბოლივიას.

კოლუბია – ჩილე 0:0

ურუგვაი – ეკვადორი 2:1 (2:1)

გოლები: 1:0 კოატესი (12), 1:1 კაისედო (44), 2:1 როლანი (45)

პარაგვაი – პერუ 1:4 (1:0)

გოლები: 1:0 რივეროსი (9), 1:1 კ.რამოსი (48), 1:2 ფლორესი (71), 1:3 კუევა (78), 1:4 ე.ბენიტესი (84 ს.კ.)

ვენესუელა – ბოლივია 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 კუფატი (3), 2:0, 3:0, 4:0 ჯოზეფ მარტინესი (10; 67; 70), 5:0 ოტერო (74)

ბრაზილია – არგენტინა 3:0 (2:0)

ბელო ჰორიზონტე, “მინეირანი”

ბრაზილია (4-1-4-1): ალისონი, მირანდა (ტ.სილვა 87), მარკინიოსი, ალვეში, მარსელო, ფერნანდინიო, რენატო აუგუსტო, პაულინიო, ნეიმარი, კოუტინიო (დ.კოშტა 84), გაბრიელ ჟესუსი (ფირმინო 80).
მწვრთნელი: ტიტე

არგენტინა (4-4-1-1): რომერო, ოტამენდი, მორი, მასი, ზაბალეტა, ბილია, მასკერანო, ე.პერესი (აგუერო 46), დი მარია (ა.კორეა 71), მესი, იგუაინი.
მწვრთნელი: ედგარდო ბაუზა

გოლები: 1:0 კოუტინიო (24), 2:0 ნეიმარი (45+1), 3:0 პაულინიო (59)
გაფრთხილებები: ფერნანდინიო, მარსელო – მორი, ოტამენდი, ბილია
მსაჯი: ხულიო ბასკუნანი

0.164829