კალათბურთი

12:43 | 10.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ "დალასთან" 2 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა

დღეს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულია იმ გუნდს დაუპირისპირდა, რომლის ღირსებასაც გასულ სეზონში იცავდა. ოკლენდს „დალას მავერიკსი“ ესტუმრა, რომელიც ქართველი ფორვარდის ახალ გუნდთან უშანსოდ დამარცხდა - 95:116.

„გოლდენ სტეიტმა“ მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყვიტა, რომელიც 67:36 მოიგო. მეორე ნახევარში დალასელებმა დიდი მონდომების ხარჯზე ჩამორჩენის შემცირებაღა შეძლეს, თუმცა მოგების რეალური შანსი არც მისცემიათ. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 13 წუთი გაატარა. ზაზამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 4 მოხსნით და 4 პასით დაასრულა.

გოლდენსტეიტელებს 28 ქულითა და 10 მოხსნით კევინ დიურანტმა ულიდერა. 24 ქულა ჰქონდა სტეფ კარის, ხოლო 20 - კლეი ტომპსონს. დალასელებს აკლდათ ლიდერები - დერონ უილიამსი, ჯეი-ჯეი ბარეა და ვესლი მეთიუზი, ხოლო ანდრე ბოგატს, რომელიც შარშან „გოლდენ სტეიტში“ თამაშობდა, ტრავმის გამო არ უთამაშია.

6 მოგებითა და 2 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ „ოკლაჰომასთან“ დასავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილს იყოფს, მომდევნო მატჩს კი ფაჩულიას გუნდი ხვალ, დენვერში „ნაგეტსთან“ გამართავს.

gbf.ge

0.117129