ყმაწვილქალობაში ფრენბურთელი, ახლა კი ცნობილი და სახელგავარდნილი ბრაზილიელი მოდელი, ლუსიანა ესკოუტი აგერ უკვე ხუთ წელზე მეტია მსახიობობითაა დაკავებული და მის მიერ ნათამაშები სერიალის გმირებით მთლად ჰოლივუდი თუ ვერა, დიასახლისები ალბათ ნამდვილად არიან მოხიბლულნი.
მას შემდეგ, რაც ლუსიანამ ფრენბურთის ბურთი მოდელის ხელობაზე გაცვალა, მისი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ესკოუტის ქალს აღარ უწევს დამღლელი ვარჯიშების მძლავრი სხეულით გადატანა და მწვრთნელის შეგონებების მოსმენა. ჩვენს გარშემო ხომ არიან ადამიანები, რომელთაც მწვრთნელი და წვრთნის პროცესი, რატომღაც ბედის მიერ მოვლენილი სატანჯველი გონიათ.
მაგრამ ერთი ისაა, რომ საბოლოოდ სიამე და შვება ლუსიანა ესკოუტმა მაინც ვერადა ვერ ჰპოვა. ამის მიზეზი ამ ქალის ცეცხლოვანი ხასიათი და ვნებიანი ბუნებაა. საყვარელმრავლობასაც რომ თავი დავანებოთ, ლუსიანა გამუდმებულად ახლის ძიებაშია და მისი ეს “ნოვატორობა” ცოტა დამღლელი და გულშემაღონებელია.