ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” მეკარემ ტიბო კურტუამ მადრიდის “რეალთან” მოლაპარაკების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ლონდონიდან წასვლა მის გეგმებში არ შედის.
“რაც დაწერეს ჩემზე, რეალობასთან არაფერი აქვს საერთო, რადგან “რეალთან” მოლაპარაკება არასდროს მქონია. “ატლეტიკო”? იქ ობლაკი ძალიან კარგად ასრულებს თავის სამუშაოს, მე კი “ჩელსიში” თავს შესანიშნავად ვგრძნობ. გამორიცხულია როგორც “რეალში” ჩემი გადასვლა, ასევე “ატლეტიკოში” დაბრუნება” - განაცხადა კურტუამ, რომელიც ესპანურ ლა ლიგა ოთხი წლის განმავლობაში წარმატებით თამაშობდა - 2011-2014 წლებში, როცა ის “ჩელსის” იჯარის წესით “ატლეტიკოში” ჰყავდა გაშვებული.