დაიწყო ჭადრაკში ევროპის ვაჟთა და ქალთა საკლუბო ჩემპიონატი, რომელსაც სერბეთის საკურორტო ქალაქი ნოვი სადი მასპინძლობს.
ქართველ გულშემატკივართა გამორჩეულ ინტერესს ქალთა ტურნირი იწვევს, სადაც საქართველოს გუნდი, კონკრეტულად კი ბათუმის ,,ნონა’’ მონაწილეობს. ქართულ კლუბში, რომელიც ტურნიზე მეორე ნომრად არის განთესილი, ბათუმის საჭადრაკო სკოლის აღზრდილებთან ნინო ბაციაშვილთან(2489), სალომე მელიასა(2393) და მირანდა მიქაძესთან(2233) ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები ნანა ძაგნიძე(2507) და ბელა ხოტენაშვილი(2426) თამაშობენ.
პირველ ტურში ,,ნონა’’ ყაზანის (რუსეთი) ,,ლადიას’’ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 3.5:0.5 დაამარცხა. ძაგნიძე ვეტერან რუს მოჭადრაკე ალისა გალიამოვას დაუზავდა, ხოლო ბაციაშვილმა, მიქაძემ და ხოტენაშვილმა, შესაბამისად, კარინა ამბარცუმოვა, ლუბოვ მარკელოვა და ვერა ნებოლსინა დაამარცხეს. მეორე ტურში ქართველი გოგონების მეტოქე რუსეთის კიდევ ერთი გუნდი ,, სანკტ პეტერბურგი’’ იქნება.
ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი ,,მონტე კარლო’’(მონაკო), რომლის რიგებშიც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჰოუ იფანთან(ჩინეთი, 2635) და ვიცე ჩემპიონ მარია მუზიჩუკთან(უკრაინა, 2532) ერთად ისეთი გამოცდილი მოჭადრაკეები იმყოფებიან, როგორებიც ანა მუზიჩუკი(უკრაინა, 2561), პია კრამლინგი (შვედეთი, 2461) და ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2455) არიან.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად ტარდება და 12 ნოემბერს დასრულდება.