გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში დაბრუნებიდან მეორე სეზონში, „პორშეს“ საქარხნო გუნდმა ზედიზედ მეორე მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. ვაიზახელებმა ამას სეზონის დასრულებამდე ერთი ეტაპით ადრე მიაღწიეს. გარდა ამისა, გერმანულმა კომპანიამ ამ ორ სეზონში, ლე მანის 24-საათიანი რბოლაც ორჯერ მოიგო.
გამარჯვებულ ეკიპაჟში შედიან: გერმანელი მარკ ლიბი, შვეიცარიელი ნილ იანი და ფრანგი რომენ დუმასი. მათ ტიტული თანაგუნდელებს - ტიმო ბერნჰარდს, ახალზელანდიელ ბრენდონ ჰარტლის და ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტ ავსტრალიელ მარკ ვებერს ჩამოართვეს. ამათგან ვებერი ამ სეზონის დასრულებისთანავე, მრბოლის კარიერას დაასრულებს.
თეორიულად, „პორშეს“ ეკიპაჟის გასწრების შანსს კვლავ ინარჩუნებს „ტოიოტას“ ეკიპაჟი, რომელსაც ბრიტანელი მაიკ კონვეი, ფრანგი სტეფან სარაზენი და იაპონელი კამუი კობაიაში მართავენ. ის „პორშეს“ სამეულს 17 ქულით ჩამორჩება და ბოლო, ბაჰრეინის ეტაპი მოგებით ან მეორე ადგილით უნდა დაასრულოს, ჩემპიონობის შანსი რომ გაუჩნდეს. ტიტულს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეუფლება, თუ ჩემპიონატის ლიდერები ათეულშიც ვერ შევლენ, რაც ძნელად წარმოსადგენია.







