სხვა

15:56 | 7.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სპორტის მუზეუმს 1950-60-იანი წლების ხელბურთის ისტორიული მასალები გადაეცა

ქართული ხელბურთის 60-წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში ისრაელიდან ჩამოვიდა სპორტის დამსახურებული მესვეური და ხელბურთის დიდი გულშემატკივარი და მსაჯი, ქართული ხელბურთის პიონერად აღიარებული ისაკ პარლაგაშვილი.

ისაკ პარლაგაშვილი 7 ნოემბერს ხელბურთის ფედერაციიის პრეზიდენტ ზურაბ კაკაბაძესთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე სპორტის მუზეუმს ესტუმრა, სადაც მან მუზეუმს საკუთარი არქივიდან 1950-60-იანი წლების უნიკალურ სპორტული მასალები და ნივთები - ვიმპელები, აფიშები, ქართული ხელბურთის ისტორიული მატჩების პროგრამები და სხვადასხვა ბეჭდური მასალა საჩუქრად გადასცა. მათ შორის გამოსარჩევია 1961 წლის საერთაშორისო ისტორიული მატჩის აფიშა საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებებს შორის. მატჩების სერია თბილისის ახლადგახსნილ სპორტის სასახლეში 55 წლინ წინ, 19-20 მაისს გაიმართა.

ქართული ხელბურთის ვეტერანს სამინისტროში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილეებთან, აკაკი ლოდიასთან და შალვა გოგოლაძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრას მუზეუმისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლები, ვეტერანი და ახალგაზრდა ხელბურთელები, ასევე გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ისაკ პარლაგაშვილი 1950-იან წლებში საქართველოს სპორტკომიტეტში მუშაობდა, ასევე გახლდათ საკავშირო კატეგორიის მსაჯი ხელბურთში, მისი ხელმძღვანელობით საფუძველი ჩაეყარა საქართველოში ხელბურთის განვითარებას და შემდგომ პოპულარიზაციას.

ქართული სპორტის მუზეუმში დღეისათვის 10 000-მდე ექსპონატი ინახება. მათ შორის, უნიკალური თასები, მედლები, მედალიონები, პინები, ვიმპელები, აფიშები, სპორტული მაისურები, წიგნები, ჟურნალები და სხვადასხვა სპორტული ატრიბუტიკა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.128859