ფეხბურთი

0:31 | 7.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონის ამბები: დვალმა დერბიში გაიტანა, ყაზაიშვილი კვლავაც არ ათამაშეს

საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა პოლონეთის ჩემპიონატსი გოლი გაიტანა. ვროცლავის "შლიონსკი" შინ აგებდა ლუბინის "ზაგლებიესთან" და 71-ე წუთზე ქართველმა გაათააბრა ანგარიში: დასწრებაზე ახლოდან ფეხით გადაგზავნა კარში... ბოლო წუთზე კი "შლიონსკმა" გამარჯვების ბურთი გაიტანა (2:1) და მერვე ადგილზე გადაინაცვლა.

ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა დერბი იყო და პოლონეთში დიდ ინტერესსსაც იწვევდა. 21 წლის დვალი პროგრესირებს და კარგია, რომ პოლონეთის ჩემპიონატში დაფასებული ფეხბურთელიცაა.

ნიკა ძალამიძემ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა ლეჩნას "გურნიკში", ეს კრაკოვის "ვისლასთან" 2:3 წაგებულ მატჩში. ძალამიძე ოქტომბრის შუა რიცხვებში გადავიდა "გურნიკში" და ეს მისი სადებიუტო მატჩი იყო ახალ გუნდში, რომელიც ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

ვარშავის "ლეგიამ" შინ 2:0 სძლია "კრაკოვიას" და მეხუთე პოზიციაზეა. ვაკო ყაზაიშვილი განაცხადს მიღმა დარჩა... ფაქტია, ვაკოს "ლეგიაში" ცუდად მისდის საქმე.

რუსეთი: პერმის "ამკარის" ქართველმა მცველმა გიორგი ჯიქიამ მოსკოვში ცსკა-ს თავური დარტყმით გაუტანა, კერძოდ, 25-ე წუთზე 1:1 გახადა ანგარიში. მატჩი 2:2 დასრულდა. ჯიქია, როგორც იცით, რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ჯერ არის იმედი, რომ საქართველოს ნაკრების მაისურა მოირგოს. ჯიქიას გუნდი მეექვსე საფეხურზეა...

"კრასნოდარი"-"ორენბურგის" შეხვედრის მეორე ტაიმში ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა. შესვენებისას კრასნოდარელები 2:3 აგებდნენ, საბოლოოდ კი 3:3 დაასრულეს. ოქრიაშვილმა თავისი წვლილი შეიტანა მესამე გოლში, რადგან სტუმართა ფეხბურთელს წითელი ბარათი "აჰკიდა", თანაც იმ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრეს ანგარიში მასპინძლებმა. "კრასნოდარი" მეხუთე ადგილზეა.

უკრაინაში "ჩერნომორეცი"-"ზორია" 0:0 დასრულდა. მასპინძელთა შორის შეუცვლელად და საიმედოდ ითამაშა დავით ხოჭოლავამ. ოდესელთა გუნდი ხშირად გოლგაუშვებლად ასრულებს თამაშს და ეს ხოჭოლავას დიდი დამსახურებაცაა. მისი გუნდი მეექვსე ადგილზეა. აი, "ზორიაში" კი ჯაბა ლიპარტია სათადარიგო იყო...

ჰოლანდიაში წარუმატებელი ტური ჰქონდა გურამ კაშიას "ვიტესს", რომელმაც შინ 1:2 წააგო "ჰერაკლესთან" და მეცხრე საფეხურამდე დაქვეითდა. გუნდის ქართველმა კაპიტანმა სრულად ითამაშა.

ავსტრიაში ვენის "რაპიდმა" შინ 0:1 წააგო "ვოლფსბერგერთან" და ისევ მეხუთე პოზიციაზეა. გიორგი ქვილითაია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

ნორვეგიის უმაღლესი ლიგიდან გავარდა გიორგი გოროზიას "სტაბეკი", რომელსაც ბოლო ტურში "სტარტთან" 3:0 მოგებამაც ვერ უშველა. გოროზია სათადარიგო იყო და არ უთამაშია. ისე, "სტაბეკმა" წინა სეზონი ცხრილის ზედა ნაწილში დაასრულა და წლეულს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გამოდიოდა...

პორტუგალიაში გიორგი მაკარიძის "მორეირენსე" შინ 1:2 დამარცხდა "სეტუბალთან" და ბოლოდან მესამე საფეხურზეა. მაკარიძემ ბოლო 15 წუთში გაუშვა გოლები, როცა მისი გუნდი უკვე 10 კაცით თამაშობდა.

0.117545