საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხე ტურის ბოლო შეხვედრაში სუპერლიგის დებიუტანტი „კაკტუსი“ „სოხუმს“ დაუპირისპირდა. ამ მატჩამდე „კაკტუსს“ 2 თამაში ჰქონდა ჩატარებული (მეორე ტურში „მგზავრებთან“ მისი შეხვედრა ჩაიშალა და ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება) და ერთი მოგებული. რაც შეეხება „სოხუმს“, გუნდმა სამივე შეხვედრა წააგო.
დღევანდელი თამაში გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, პირველი პერიოდი „სოხუმმა“ 1 ქულის სხვაობით 25:24 მოიგო. მეორე მეოთხედიდან უპირატესობას „კაკტუსი“ დაეუფლა და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდა, 46:38. ზღვისპირელებმა ვერაფერი მოუხერხეს „კაკტუსს“, რომლის უპირატესობაც მეორე ტაიმში კიდევ უფრო გამოიკვეთა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 91:73 „კაკტუსის“ სასარგებლოდ.
შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი „კაკტუსის“ ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჯონ ფლოვიესმა აჩვენა, რომელმაც 21 ქულით და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი, ფორვარდი ტერიკ ბრიჯმენი, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა და 14 მოხსნაა. ზღვისპირელთა შემადგენლობაში 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები მერაბ ბოქოლიშვილი და უკრაინელი ლეგიონერი ოლექსანდრ რიხლიუკი იყვნენ. ამ უკანასკნელმა დაგროვილ ქულებს 11 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
„სოხუმი“ – „კაკტუსი“ 73:91
(25:24, 13:22, 11:21, 24:24)