საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის მესამე შეხვედრაში ერთმანეთს ერთ-ერთი ლიდერი „დინამო“ და ერთ-ერთი აუტსაიდერი „მგზავრები“ დაუპირისპირდნენ. რა თქმა უნდა ფავორიტად „დინამო“ ითვლებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსის ერთ-ერთი თანაშემწის ირაკლი ხოშტარიას შეგირდები მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდნენ და მათი გამარჯვება ერთი წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ. საბოლოოდ, საქართველოს სუპერთასისა და დუდუ დადიანის გამარჯვებულმა „დინამომ“ დამაჯერებელი ანგარიშით 79:53 შეძლო მეტოქის დამარცხება და ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა. მიმდინარე ჩემპიონატში „დინამო“ ერთადერთი გუნდია, რომელიც დაუმარცხებლად თამაშობს.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 18-18 ქულა „მგზავრების“ გამთამაშებელმა ბექა წივწივაძემ და "დინამოს" უკანახაზელმა დეონტა ვონიმ დააგროვეს. რაც შეეხება ბერიშვილს, მის ანგარიშზე 16 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასია.
ამჟამად მიმდინარეობს ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს „სოხუმი“ და „კაქტუსი“ ხვდებიან.
„მგზავრები“ – „დინამო“ 53:79
(11:19, 16:18, 10:23, 16:19)