ფეხბურთი

11:00 | 5.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

თქვენ ირჩევთ - ოქტომბრის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

თქვენ ირჩევთ – WORLDSPORT.GE განაგრძობს ყოველი თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის დასახელებას, რომელსაც გამოკითხვის შედეგად, ჩვენი მკითხველი გამოავლენს. ამჯერად სიაში მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი მოხვდა - ისინი, ვინც ოქტომბერში თავი მეტ-ნაკლებად დაგვამახსოვრეს, ასეთი კი სამწუხაროდ ბევრი ნამდვილად არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ კანდიდატებს შორის ამჯერად ვერ მოხვდა ჯანო ანანიძე, რომელმაც გასული თვის გამოკითხვა დიდი უპირატესობით მოიგო. ჯანოს ოქტომბერი ისეთი ფეერიული არ გამოუვიდა, როგორიც სექტემბერი ჰქონდა - თავი ყველაზე მეტად “სპარტაკთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებით დაგვამხსოვრა.

ორია ისეთი ფეხბურთელი, ვინც სექტემბერშიც მოხვდა ჩვენს ნუსხაში და ოქტომბრის ნომინანტებშიცაა – დავით სხირტლაძე და ვალერიან გვილია.

დანარჩენს კი ქვემოთ წაიკითხავთ, მხოლოდ წესებს შეგახსენებთ, რომელიც ძალზე მარტივია – გამოკითხვაში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ხმის მიცემა კი მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზეა შესაძლებელი. გამოკითხვა ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში იქნება განთავსებული და ხმის მიცემა 6 ნოემბრის ღამის 12 საათამდე გაგარძელდება – მაშ ასე, თქვენ ირჩევთ, ამჯერად ოქტომბრის თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს.

ნიკა კაჭარავა – “ეთნიკოსი”, კვიპროსი

22 წლის ქართველმა ფორვარდმა თავი ოქტომბერში ყველაზე მეტად დაგვამახსოვრა და ამისთვის ერთი მატჩიც ეყო – კვიპროსის ჩემპიონატში “ეთნიკოსის” შემტევმა “კარმიოტისას” პოკერი შეუსრულა. თანაც, ნიკას ოთხივე გოლი ძალზე მოხდენილი იყო და წუნს ვერ უპოვნიდა კაცი. იმავე მატჩში მას მეტიც შეეძლო – ორჯერ რეალური საგოლე შანსი ვერ გამოიყენა. მთლიანობაში კაჭარავამ ოქტომბერში 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი მიითვალა. აქედან ორი თამაში საქართველოს ნაკრებზე მოდის, თუმცა ირლანდიასა და უელსში მას დიდი სათამაშო დრო არ მისცემია.

დავით სხირტლაძე – “სილკებორგი”, დანია

ჩვენს ნუსხაში ზედიზედ მეორედ მოხვდა დავით სხირტლაძე – 22 წლის თავდამსხმელმა წინა თვის მსგავსად, ოქტომბერში თავი ჰეთ-თრიქით დაგვამახსოვრა. დავითმა ამჯერად “ვიბორგი” იმსხვერპლა საგარეო მატჩში. სხვა მხრივ, სხრიტლაძემ გასულ თვეში ოთხჯერ ითამაშა და სამ გოლს გამორჩა. ნაკრებში კი, ირლანდიასთან დაეთმო დრო, მაგრამ თავი განსაკუთრებით არ გამოუჩენია.

თორნიკე ოქრიაშვილი – “კრასნოდარი”, რუსეთი

სხვა რომ არაფერი, თორნიკე სიაში მოხვედრას უელსთან ჩატარებული დიდებული მატჩის გამო იმსახურებდა. ოქრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტთან ქულის მომტანი გოლი შეაგდო და გარდა ამისა, უამრავი პრობლემა შეუქმნა ბრიტანელ ოპონენტებს. კლუბში თავი გოლით არ გამოუჩენია, მაგრამ სათამაშო დრო ჰქონდა და მთლიანობაში ურიგოდ არ გამოიყურებოდა.

ვალერიან გვილია – “ბატე”, ბელორუსი

ეროვნულ ნაკრებში თვის დასაწყისში მისმა დებიუტმა ყველა გააოცა – გვილიამ ფურორით დაიწყო და იმედი ჩასახა, რომ მომავალშიც ასე გააგრძელებს. ირლანდიისა და უელსის წინააღმდეგ გვილია მართლაც ბრწყინვალედ გაისარჯა. ოქტომბერში, კლუბშიც დამაჯერებელი გახლდათ და 4 მატჩში მეტოქეთა კარში ორჯერ გაიტანა. გვილია გასულ თვეში ბელორუსის ჩემპიონიც გახდა.

გიორგი ჭანტურია – “ურალი”, რუსეთი

ოქტომბერში, ჭანტურიამ რუსეთის პრემიერლიგაში “ურალის” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა – “ტერეკთან” პენალტი. იმავე მატჩში მან ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. მანამდე 4 დღით ადრე, გიორგიმ თასზე მატჩის შემდგომ პენალტებშიც შესძლო თავის გამოჩენა და “ურალს” მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა. გარდა ამისა, 23 წლის შემტევმა გასულ თვეში ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა და “ურალის” შემადგენლობაში ფეხი საბოლოოდ მოიკიდა. ამასთან, ვლადიმირ ვაისმა გარჯა დაუფასა და ეროვნულ ნაკრებში დააბრუნა.

0.124403