ნორვეგიის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „სენტ-ეტიენის“ ნახევარმცველი ულე სელნესი მკაცრად დასაჯეს. ფიფამ ფეხბურთელს თანამსაჯის შეურაცხყოფა არ აპატია.
ინციდენტი 8 ოქტომბერს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის შემდეგ მოხდა, რომელიც ნორვეგიელებმა აზერბაიჯანთან 0:1 დათმეს. 22 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა ერთ-ერთ ასისტენტს უცენზურო სიტყვებით მიმართა. ფიფამ მომხდარი განიხილა და სელნესი საერთაშორისო მატჩებიდან 11 თვით მოკვეთა. გარდა ამისა, „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელს 5 ათასი ევროს გადახდაც მოუწევს.
ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას თხოვნით მიმართა, რომ საკუთარი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი წარმოადგინოს, რათა შემდგომ სელნესის დისკვალიფიკაცია გაასაჩივროს. თუ ნორვეგიელებმა გასაჩივრება ვერ შეძლეს ან ამან შედეგი ვერ მოიტანა, ულეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ოთხი თამაშის გამოტოვება მოუწევს. სელნესს აქამდე ნორვეგიის ნაკრების მაისურით 8 თამაში აქვს ჩატარებული.