ლონდონის „ვესტ ჰემის“ თავდამსხმელი ენდი კეროლი უსიამოვნო ინციდენტის მონაწილე გახდა.
ოთხშაბათს საღამოს კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, პოლიცია იძიებს შემთხვევას, რომლის მონაწილეც ლონდონური კლუბის ერთ-ერთი ლიდერია.
BBC-ის ინფორმაციით, გუშინ, როცა ფეხბურთელი ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, მას გზაზე მოტოციკლით აედევნა შეიარაღებული პირი, კეროლმა თავის დაღწევა მოახერხა და ისევ კლუბის ბაზაზე დაბრუნდა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კეროლს აგვისტოს შუა რიცხვებიდან „ვესტ ჰემის“ შემადგენლობაში არ უთამაშია. ამის მიზეზი მუხლის ტრავმაა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოიშუშა და მიმდინარე კვირაში ვარჯიშიც განაახლა. უახლოეს თამაშს მისი გუნდი შაბათს, „სტოკ სიტისთან“ ჩაატარებს.