ვისაც ფეხბურთი უყვარს, შეუძლებელია ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენის დროს განსხვავებული, განსაკუთრებული შეგრძნება არ ეუფლებოდეს. დღემდე, ქართული ფეხბურთის ბედის მუხთლობით ისე მოვდივართ, ამ ულამაზესი მელოდიის მოსმენა ძირითადად ტელეეკრანიდან თუ გვიწევს... არადა, ცოცხლად მისი მოსმენა ბევრად დიდი სიამოვნებაა და ერთი წამიც კი საკმარისია იმის წარმოსადგენად, თუ რაოდენ დიდი სიხარულია, როდესაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს შენი ქალაქი, საყვარელი გუნდი მასპინძლობს.
სტამბულში, ამას დაჩვეულნი არიან – შესაძლოა, იქაური კლუბები, “გალათასარაი”, “ბეშიქთაში” და “ფენერბაჰჩე” ჩემპიონთა ლიგაზე განსაკუთრებულს ვერაფერს აღწევენ, მაგრამ იმას მაინც ახერხებენ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშონ.
ჰოდა, ოთხი ტურის თავზე ჯერ კიდევ დაუმარცხებელია შენოლ გიუნეშის “ბეშიქთაში” (წელს სწორედ ის წარმოადგენს ლიგაზე სტამბულს). “ნაპოლისთან” შეხვედრას კი ამ კლუბის გადარეული ქომაგები მოუთმენლად ელოდნენ. თამაშის დაწყებამდე კარგა ხანი (5 საათი) იყო დარჩენილი, ულამაზესი “ვოდაფონ არენას” სიახლოვეს გულშემატკივარი შეკრებას რომ იწყებდა – ზოგი მღეროდა, ზოგი მშვიდად ელოდა მატჩის დაწყებას, ზოგიც “ნაპოლის” არცთუ თბილ კონტექსტში იხსენიებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბილეთების სალაროებთან რიგები თამაშის დაწყებამდე 5 წუთით ადრე შეწყდა და ახალთახალი არენაც გაივსო – ახალთახალი იმიტომ, რომ “ვოდაფონ არენა” სულ 6 თვის ისტორიას ითვლის, რადგან მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნა.
სტადიონი ისეთია, წუნს რომ ვერ უპოვი ძალიანაც რომ მოინდომო. ბრწყინვალე გარემოთი. ტრიბუნების ნებისმიერი წერტილიდან მოედანი ხელისგულივით ჩანს და თუ ერთხელ იქ მოხვდები, ფეხბურთი აუცილებლად შეგიყვარდება. “ვოდაფონ არენას” ირგვლივ ყველაფერი “ბეშიქთაშის” საკლუბო ფერებშია – ყავის ერთჯერადი, უბრალო ჭიქებიც კი შავ-თეთრ ფერებშია შემოსილი. პრინციპში სხვანაირად არც შეიძლება იყოს, “გალათასარაი”, “ფენერბაჰჩე” და “ბეშიქთაში” ხომ ერთმანეთს დასანახადაც ვერ იტანენ.
თამაშის დაწყებამდე ქომაგთა ნაწილმა სტადიონზე შესვლა გადაწყვიტა, ნაწილი კი, გარეთ დარჩა და ელოდებოდა, როდის გამოჩნდებოდა მათი საყვარელი გუნდი – “ბეშიქთაშის” ავტობუსის გამოჩენისას იქაურობა დაინგრა – ფანები შეძახილებითა და აპლოდისმენტებით შეეგებნენ თავიანთი საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს. ცოტა ხანიც იქვე დარჩნენ და “ნაპოლიც” გამოჩნდა: აქაც ხმაური იყო, თუმცა იტალიელების მისამართით თურქებს კარგი არაფერი უთქვამთ – ამ ყველაფერს ღიმილით შეხვდა მარეკ ჰამშიკი, რომელიც ავტობუსის ფანჯრიდან შესქეროდა სტამბულელ ულტრასებს. ჰამშიკი ერთადერთი იყო ვინც ასე ირონიულად შესქეროდა ადგილობრივ ქომაგს და თითქოს შურისძიებაც იმ მომენტში გადაწყვიტა: სლოვაკმა ხომ “ბეშიქთაშს” ორი ქულა გამოგლიჯა ხელიდან ულამაზესი გოლით და იმ ტრიბუნისკენ მიირბინა, სადაც მცირერიცხოვანი ნეაპოლელი ქომაგი ისხდა ბარიერებში შემოსაზღვრული – ისე, “ვოდაფონ არენას” სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნებზე თითოეულ სკამს თავისი ბარიერი აქვს და რა გასაკვირია, “ბეშიქთაშის” ქომაგი სტუმართმოყვარეობითა და სიმშვიდით არასდროს გამოირჩეოდა...
თამაში მოსაწყენი არ ყოფილა და ძალზე დაძაბულიც გამოდგა – რიკარდო კვარეჟმამ პენალტი რომ შეაგდო, სტადიონი ლამის დაინგრა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, მარეკ ჰამშიკმა მასპინძლებს სიხარული არ დააცადა და შურიც იძია.
ამ წერილის დასაწყისში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ვახსენე და შემთხვევით სულაც არა – უკვე რამდენი წელია ვოცნებობთ, რომ ჩვენც გვყავდეს წარმომადგენელი ამ დიდებულ ტურნირზე და ჩვენც ვიხილოთ დიდი ფეხბურთი. თამაშის დაწყებამდე რამდენჯერმე “ვოდაფონ არენაზე” ლიგის ჰიმნი გაისმა და რამდენჯერაც იგი აჟღერდა, თავში ყოველთვის ერთი და იგივე აზრი მიტივტივდებოდა: ნუთუ თბილისის ქუჩებში მისი მოსმენა მალე გვეღირსება?!...
გიორგი მელქაძე, სოფიკო ერქვანია სპეციალურად worldsport.ge-სთვის სტამბულიდან