სუპერლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა ლაშა-გიორგი გამყრელიძემ და სუპერლიგის გუნდებმა საერთო ენა ვერ გამონახეს, რის შემდეგაც ლაშა-გიორგიმ საკუთარი კლუბი ,,ტიტები’’ ჩამოაყალიბა და სუპერლიგის მიღმა დარჩენილ სხვა კალათბურთელებსაც მისცა თავის გამოჩენის შანსი.
გთავაზობთ ინტერვიუს ლაშა-გიორგი გამყრელიძესთან, რომელსაც worldsport. ge ესაუბრა.
- როდის გაგიჩნდათ საკუთარი გუნდის შექმნის იდეა?
- შარშან, 2015 წელს.
- რატომ მაშინვე არ მოიყვანეთ ეს იდეა სისრულეში?
- შარშან სხვა გუნდში ვთამაშობდი და ჩემი გუნდის გასაკეთებლად არ მეცალა. მაშინ დადგა იდეის განხორციელების დრო, როდესაც უგუნდოდ დავრჩი.
- 2016-2017 წლების სეზონის დაწყების წინ სუპერლიგის რომელმა გუნდებმა გამოთქვეს თქვენთან თანამშრომლობის სურვილი?
- ,,რუსთავი’’ და ,,დინამო’’ მეპატიჟებოდნენ, მაგრამ პირობებზე ვერ შევთანხმდით.
- საკალათბურთო წრეებში ამბობენ, რომ გამყრელიძე გასამრჯელოდ დიდ თანხას ითხოვდა და სუპერლიგის გუნდებში ამიტომ ვერ მოხვდაო...
- ვითხოვდი იმას, რაც მეკუთვნოდა.
- თქვენ უცხოეთში თამაშის გამოცდილებაც გაქვთ. სათამაშოდ ისევ საზღვარგარეთ წასვლა არ გიცდიათ?
- მომავალი წლის 4 თებერვალს 31 წლის ვხდები. კალათბურთელისათვის 31 წელი არც ბევრია და არც ცოტა, ამიტომ საზღვარგარეთ წასვლას საქართველოში დარჩენა და გუნდის გაკეთება ვამჯობინე.
- დავუბრუნდეთ ახალი კლუბის თემას. გუნდის სახელად ,,ტიტები’’ რატომ შეარჩიეთ?
- ბავშვობაში გუნდს, რომლის რიგებშიც ვთამაშობდი, ,,ტიტები’’ ერქვა. ამ გუნდის სახელით ზედიზედ ექვსჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი. რადგან ,,ტიტებთან“ კარგი მოგონება მაკავშირებს, ამიტომ ამ გუნდს ეს სახელი დავარქვი.
- თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენი კლუბის შესახებ
- გუნდის მეპატრონეები ვართ მე და ჩემი მეგობარი, კალათბურთში ,,ბათუმისა’’ და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ბესო ლეჟავა. გვყავს ორი სპონსორი-კომპანია - ,,საგა’’ და ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა’’. მწვრთნელად ვეტერანი კალათბურთელი ამბროსი ორმოცაძე მოვიწვიეთ.
ჩემთან ერთად გუნდში გიორგი ვახანია, გიორგი დვალი, რეზო დიდია, დავით დეკანოიძე და დავით ნოზაძე არიან, რომლებსაც სუპერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვთ. გვყავს ორი ამერიკელი ლეგიონერი, უკანახაზელი რაიენ აარონი და ცენტრალური თავდამსხმელი არმანი ფლამინგენი. კიდე სამი ახალგაზრდა კალათბურთელის დამატებას ვაპირებთ. ასე რომ, გუნდში სულ 11 სპორტსმენი ვიქნებით.
- თუ ბესო ლეჟავა გუნდის ერთ-ერთი მეპატრონეა, მაშინ თქვენთან ერთად რატომ არ თამაშობს?
- როცა გუნდის შექმნა გადავწყვიტეთ, ბესოს უკვე გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი ,,ბათუმთან’’ და გაწყვეტა აღარ გამოდიოდა.
- ბესო თუ აპირებს, რომ შემოგიერთდეთ?
- საკვალიფიკაციო ეტაპზე -არა. ა-ლიგაში თუ გადავედით, შემდეგ ვნახოთ.
- სად ვარჯიშობთ?
- შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საკალათბურთო დარბაზში.
- ამ სამინისტროსთან ხომ არ აპირებთ ერთობლივი გუნდის გაკეთებას?
- ჯერჯერობით არა.
- რა არის თქვენი მიზანი?
- პროგრამა-მინიმუმი ა-ლიგაში მოხვედრაა, ხოლო მაქსიმუმი სუპერლიგის საგზურის მოპოვებაა.