ორშაბათ დილას თბილისიდან იტალიაში გაემგზავრა ხელბურთის ეროვნული ნაკრები, რომელსაც 2 ნოემბერს, კუნძულ სიცილიაზე, სირაკუზაში, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი აქვს იტალიასთან, 6 ნოემბერს კი იმავე მეტოქეს თბილისის სპორტის სასახლეში მიიღებს.
ხელბურთის ევროპულმა ფედერაციამ შეჯიბრების ფორმატი შეცვალა და ევრო 2020-ზე, რომელიც შვედეთში, ნორვეგიასა და ავსტრიაში გაიმართება, პირველად ითამაშებს 24 გუნდი. შესარჩევ ტურნირში გათამაშდება უკვე 20 საგზური და არა 15, რაც ბევრად უკეთესს შანსს იძლევა საქართველოს დონის გუნდებისთვის.
ოღონდ, მთავარ შესარჩევი რაუნდში მოსახვედრად, ჯერ გასავლელია პირველი საკვალიფიკაციო ფაზა, რომელსაც 2 ნოემბერს სამ ჯგუფად განაწილებული 9 ეროვნული ნაკრები იწყებს. ჩვენი ჯგუფის მესამე წევრია ლუქსემბურგი, რომელსაც იანვარში ვეთამაშებით და იანვარშვე გამოვლინდება 3 ჯგუფის 3 გამარჯვებული, რომლებიც მთავარ შესარჩევ რაუნდში ჩაებმებიან 2018 წლის შემოდგომიდან, ყველა უძლიერეს ევროპულ ნაკრებთან ერთად.
აქ მონაწილეობის შანსს პირველ ეტაპზე დამარცხებული 6 გუნდიც იღებს 2017 წლის ჩელენჯ ტროფიდან, თუმცა, სჯობს, აქამდე საქმე არ მივიყვანოთ და ორწრიან ტურნირში ვაჯობოთ იტალიასა და ლუქსემბურგს
ბექა ორჯონიკიძე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: - თბილისიდან იტალიაში 9 ხელბურთელი ჩამოფრინდა და აქ დაგვემატებიან სერგო დათუკაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, თემურ ორჯონიკიძე და რევაზ ჭანტურია. საღამოს უკვე პირველი ვარჯიში გვაქვს. ვეცდებით, დარჩენილი 2 დღე მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ და უკვე ლიდერებთან ერთად დავამუშავოთ თამაშის მონახაზი, რომელზეც თბილისში უკვე ვივარჯიშეთ. გვაკლია ტრავმირებული ვლდიმერ რუსია, ხოლო რატი მსხვილიძე, რომელიც ახლახან გადავიდა ირანულ კლუბში, თბილისის მატჩისთვის დაგვემატება. ჩვენი ამოცანა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, ამისათვის კი, აუცილებელი იქნება იტალიას ვაჯობოთ ორი, 2 და 6 ნოემბრის მატჩების ჯამში, რათა უკეთესი ბალანსით შევხვდეთ ლუქსემბურგთან იანვრის თამაშებს.
ნაკრებში ჩამოსვლის წინ თავიანთ კლუბებში ბოლო მატჩები გამართეს ჩვენმა ლეგიონერებმა. ნაკრების ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის კელერაშიმ 29-24 დაამარცხა ფოჩანი, ჩიქოვანმა 4 გოლი გაიტანა და 60 ბურთით რუმინეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიაში მეოთხე ადგილზეა. მეკარე შოთა თევზაძის რეშიცა 23-27 დამარცხდა ტურდასთან. მაკედონიის პირველობაზე 9 გოლი გაიტანა თემურ ორჯონიკიძემ, მისმა პრილეპმა კი 33-30 მოგო ბორეცს, რევაზ ჭანტურიას პელისტერი 31-32 დამარცხდა მეტალურგთან, ქართველმა 3 გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრეის მეტოქე, იტალია, ევროპულ გრანდებს არ განეკუთვნება. გუნდმა ერთადერთხელ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაცია (1997) და ერთხელაც უთამაშია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, 1998 წელს, როდესაც ტურნირი იტალიაში გამართა.
ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. პირველი შესარჩევი ეტაპი. ნოემბერი 2016 - იანვარი 2017
3 ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო
2 ნოემბერი, 20:30, სირაკუზა. კონჩეტო ლო ბელო
იტალია-საქართველო
მსაჯები: დორუ მანეა, რადუ ილიესკუ (რუმ), დელეგატი: სოტირის კონსტანტინუ (კვი)
საქართველოს ნაკრები იტალიაში
GK: შოთა თევზაძე (1981, რეშიცა, რუმ), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი)
RW: ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), ზურაბ აბრამიშვილი (1994, ბათუმი)
უკანა ხაზი: ლექსო წითელიშვილი (1992, ბათუმი), თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, პრილეპი, მკდ), ირაკლი ჩიქოვანი (1989, კელერაში, რუმ), სერგო დათუკაშვილი (1978, ვოივოდინა, სრბ), ზურაბ სიმონია (1994, ქუთაისი)
LW: რევაზ ჭანტურია (1982, პელისტერი, მკდ), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი)
P: შოთა გრიშიკაშვილი (1984, ბათუმი), ერეკლე არსენაშვილი (1998, სტუ)
მთავარი მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, დელეგაციის თავი ვახტანგ მეიფარიანი, ექიმი გურამ ადამია
6 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე. 18:00 საქართველო-იტალია
4 იანვარი. საქართველო-ლუქსემბურგი, 7 იანვარი. ლუქსემბურგი-საქართველო
11 იანვარი. ლუქსემბურგი-იტალია, 14 ან 15 იანვარი. იტალია-ლუქსემბურგი
2 ჯგუფი: თურქეთი, ესტონეთი, კოსოვო
1 ჯგუფი: საბერძნეთი, კვიპროსი, ფარერები
თითო გამარჯვებული გადის მეორე ეტაპზე
დანარჩენი 6 გუნდი მეორე შანსს მიიღებს ჩელენჯ ტროფიზე, 2017 წლის ივნისში.
მეორე ეტაპი: ნოემბერი 2018-ივნისი 2019. გათამაშდება ფინალური ტურნირის 20 საგზური. პირდაპირ დაშვებულები არიან: დანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია, ისლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელარუსი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია, შვეიცარია, პორტუგალია, რუმინეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ლატვია, სლოვაკეთი, ლიტვა, ბელგია, ფინეთი, ისრაელი.
დაემატება 3 გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან და ჩელენჯ ტროფის გამარჯვებული.
ჩელენჯ ტროფი, ივნისი, 2017. აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ალბანეთი, ბულგარეთი, მოლდოვა,
ანდორა, ირლანდია, სომხეთი. დაემატება 6 გუნდი პირველი შესარჩევი ეტაპიდან.
ფინალური ეტაპი: 2020 წლის იანვარი - შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია. მასპინძელთა გარდა პირდაპირ დაიშვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონი.