საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “კრასნოდარის” შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი რუსული გუნდის ვებგვერდს ესაუბრა. ინტერვიუ საკმაოდ ვრცელი და საინტერესო გამოდგა – თორნიკე სხვადასხვა თემებს შეეხო, მათ შორის “მარსელში” ჩაშლილ ტრანსფერს.
მისი თქმით, რეალური მიზეზი არა სამედიცინო შემოწმების ვერ გავლა, არამედ კლუბის პრეზიდენტი გახლდათ. გარდა ამისა, ოქრიაშვილმა ეროვნულ ნაკრებში 10 ნომრით თამაშის მოტივაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცდილობს, საკუთარი ქვეყნისთვის ყოველთვის მაქსიმალურად დაიხარჯოს...
- თორნიკე, მოგვიყევით, სად დაიბადეთ?
- ჩემი მშობლიური ქალაქი თბილისია. სადაც დავიბადე, გავიზარდე, და ვცხოვრობდი 18 წლის ასაკამდე.
- რამდენი წლის იყავით, როდესაც ფეხბურთზე სიარული დაიწყეთ?
- ექვსის – ბავშვთა საფეხბურთო სკოლა “ოლიმპი” ჩემს სახლთან ყველაზე ახლოს იყო. მამაჩემმა იქ მიმიყვანა.
- მამათქვენი დარწმუნებული ვართ, თქვენი გულშემატკივარია...
- დიახ, მას ფეხბურთი ძალიან უყვარს. მაგრამ, არამარტო მას, დედაჩემსაც. ჩემს ძმასაც, რომელიც 4 წლით უფროსია. ისიც “ოლიმპის” სკოლაში დადიოდა, თუმცა სამწუხაროდ მუხლის მძიმე ტრავმის გამო თამაშზე თავის დანებება მალევე მოუწია.
- რა პოზიციაზე თამაშობდით ბავშვობაში და როგორ გარდაიქმენით?
- პატარაობაში ფორვარდების უკან ვთამაშობდი, ხანდახან ფორვარდადაც და მარცხენა ფლანგზეც. მარჯვნივ არასდროს მითამაშია, ისევე როგორც, კარში არ ჩავმდგარვარ.
- ვინ იყო თქვენი საფეხბურთო კერპი, ვისაც ბაძავდით?
- რონალდო - ფენომენი! ბრაზილიელი მაშინ მსოფლიოში საუკეთესო გახლდათ.
- დონეცკის “შახტარი” როგორც წესი, ტალანტებს ბრაზილიაში ეძებს. თქვენ როგორ მოხვდით იქ?
- სკაუტებს 17 წლის მივყავდი იქ, მაგრამ 18-წლამდე კონტრაქტის გაფორმება არ შემეძლო. როცა, სრულწლოვანი გავხდი, “გაგრაში”, საქართველოს უმაღლეს ლიგაში ვთამაშობდი. “შახტარიდან” კლუბის პრეზიდენტს დაუკავშირდნენ და მანაც ჩემს გაშვებაზე თანხმობა განაცხადა.
- დონეცკში მაღალი კონკურენციის გამო ვერ ითამაშეთ?
- დიახ. მაშინ მხოლოდ 18 წლის ვიყავი, კონკურენცია კი, მართლაც დიდი იყო. ისეთი ფეხბურთელების გვერდით მითამაშია, როგორებიც დუგლას კოშტა, ვილიანი, ფერნანდინიო – ისინი ახლა ევროპის გრანდებში ლიდერები არიან. მაშინ კი, “შახტარში” თამაშობდნენ. მერე, ორი სეზონი “ილიჩევეცში” ვიყავი, ერთი კი “ჩერნომორეცში” – ოდესურ გუნდთან ერთად ევროპა ლიგაზეც ვითამაშე.
- ბევრი არაფერი ვიცით ბელგიის ჩემპიონატზე, სადაც შენ “გენკში” თამაშობდი...
- ბელგიის ჩემპიონატზე აქცენტი ახალგაზრდებზე კეთდება. ფეხბურთი ძალიან სწრაფია და შეტევაზე კონცენტრირებული. ყველა მოთამაშე ცდილობს თავი მაქსიმალურად წარმოაჩინოს, რადგან ბელგია სავსეა სკაუტებით და ადვილადაა შესაძლებელი უფრო ძლიერ გუნდსა და ჩემპიონატში მოხვედრა.
- უკრაინა, ბელგია, რუსეთი – რომელია უფრო ძლიერი ჩემპიონატი?
- რა თქმა უნდა, რუსეთი – ბელგიასა და უკრაინაში სამი-ოთხი გუნდია, რომლებიც მედლებისთვის იბრძვიან. რუსეთშიც არიან ტრადიცულიად ფავორიტი გუნდები, მაგრამ დონე გაცილებით მაღალია და აუტსაიდერსაც შეუძლია ლიდერთან გამარჯვება.
- “კრასნოდართან” კონტრაქტი სატრანსფერო ფანჯრის დახურვის მერე გააფორმეთ. რა მოხდა?
- “მარსელთან” ყველანაირი პირობა შეთანხმებული მქონდა, მაგრამ სანამ ფანჯარა დაიხურებოდა ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტი შეიცვალა, რომელმაც ჩემს ნაცვლად გუნდში სხვა ფეხბურთელი მიიყვანა. “გენკისგან” კი, შემდეგ თავისუფალი აგენტი გავხდი და დავბრუნდი საქართველოში, ნაკრებში სათამაშოდ. შემდეგ ვლადიმირ ხაშინგს შევხდი და მან შემომთავაზა აქ გადმოსვლა. ალექსანდრე ამისულაშვილს, ნუკრი რევიშვილსა და ოთარ მარცვალაძეს ვესაუბრე. ამისულაშვილმა მითხრა: გაგიმართლა, არც კი, დაფიქრდე”.
- როგორაა ამისულაშვილი – “კრასნოდარის” პირველი კაპიტანი რუსეთის პრემიერლიგაში?
- ყველაფერი რიგზეა. ალექსანდრემ ცოტა ხნის წინ, სანაკრებო კარიერა დაასრულა, მაგრამ თბილისის “დინამოში” ისევ თამაშობს. მუდმივად უგზავნის მოკითხვას ყველას, ვისაც იგი “კრასნოდარში” ახოვს. ყოველთვის თბილად იხსენიებს გუნდსაც და ქალაქსაც.
- “კრასნოდარში” 70 ნომრიანი მაისური არიჩიეთ. რატომ, რამეს ნიშნავს?
- ჩემი საყვარელი ნომერია 10 – თუმცა ეს დაკავებული იყო და ამიტომ, 70 ავიღე. ცოტათი გავს (იცინის).
- ნაკრებში სწორედ 10 ნომრიანი მაისურით თამაშობთ. დიდი ხანია ასეა და ეს დამატებითი მოტივაციაა?
- დაახლოებით ერთი წელია. მე არ მომითხოვია, თავად მომცეს. სხვათა შორის, ჩემამდე ჯანო ანანიძეს ეცვა. რა თქმა უნდა, ეს დამატებითი სტიმულია, რადგან მეტი პასუხისმგებლობაა 10 ნომრით თამაში. როდესაც მას იცვამ, უნდა დაამტკიცო, რომ ღირსიც ხარ, თორემ სხვას მისცემენ. მეც ვცდილობ, ნაკრების ყველა თამაშში ბოლომდე დავიხარჯო.