ავტოსპორტი

2:35 | 28.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

„აუდიმ“ ლე მანი დატოვა

ლე მანის ისტორიაში კიდევ ერთი, „აუდის“ ეპოქა დასრულდა. გერმანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ტოვებს გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატს და ლე მანის 24-საათიან რბოლას. ბოლო 18 სეზონში ინგოლშტადტელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 185 რბოლაში მიიღეს მონაწილეობა და მათგან 106 მოიგეს. მათ შორისაა ლე მანზე მოპოვებული 13 გამარჯვება. გარდა ამისა, ოთხმა რგოლმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა, ამერიკული ლე მანის სერიის ჩემპიონის წოდებას კი ზედიზედ ცხრაჯერ დაეუფლა.

„აუდის“ ეს გადაწყვეტილება იმ კრიზისმა გამოიწვია, რომელიც დიზელგეიტის სკანდალს მოჰყვა. გარდა ამისა, „აუდის“ ჰეგემონია მისმა ნათესავმა „პორშემ“ დაამხო, რომელიც ლე მანის ყველაზე ტიტულოვანი ბრენდია. ორივე კი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შედის და ლე მანზეც და მსოფლიო ჩემპიონატზეც, შიდაკორპორაციული ბრძოლა აქვთ გაჩაღებული. „პორშემ“ ლე მანის ბოლო ორი რბოლა მოიგო. გარდა ამისა, გასული სეზონი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულით დაასრულა და ამ სეზონშიც გამოკვეთილი, ლიდერია.

ლე მანიდან კი მიდის, მაგრამ „აუდი“ სარბოლო კარიერაზე უარს არ ამბობს. ის ყურადღებას ფორმულა E-ში ასპარეზობაზე გადაიტანს - გერმანულ კომპანიაში თვლიან, რომ ამ სარბოლო სერიას დიდი მომავალი აქვს. აქამდე ფორმულა E-ში „აუდი“ გუნდ „ABT ტიმის“ პარტნიორის რანგში გამოდიოდა, მალე კი მის ბაზაზე საკუთარ გუნდს გამოიყვანს.

ამასთან, „აუდი“ რჩება DTM-ის სერიაში, სადაც მას ბაზარზე უშუალო კონკურენტებთან - „მერსედესთან“ და „ბეემვესთან“ პაექრობა უწევს. გარდა ამისა, ინგოლშტადტელები კვლავაც გააგრძელებენ სარბოლო R8-ის და RS3 LMS-ის გაყიდვებს. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, სერია „აუდი სპორტ TT კაპის“ ორგანიზებას გააგრძელებს. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, დარჩება თუ არა რალიქროსის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მისმა ვეტერანმა მრბოლმა მატიას ეკსტრიომმა, თავისი საკუთარი გუნდის სახელით, რომელიც „აუდის“ ავტომობილს იყენბს, ახლახანს მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0932