ჩარლზ არიოტიმა – გასაკვირი არაა თუ აღნიშნული სახელი და გვარი არც არაფერს გეუბნებათ. ეს ბატონი, ტაიტელი მსაჯია, რომელმაც 2004 წელს, ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ჯგუფური ეტაპის მატჩი იმსაჯა: სერბეთი და მონტენეგრო (მაშინ გაერთიანებული გუნდით ასპარეზობდნენ) – ტუნისი.
17 აგვისტოს, ბოლო ტურის მატჩი გახლდათ და ევროპელებს პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდათ, ხოლო აფრიკელებს მოგების შემთხვევაში შანსი რჩებოდათ. საბოლოოდ, ტუნისმა მოიგო 3:2, მაგრამ მაინც ვერ გავიდა მეოთხედფინალში და ოლიმპიური ვოიაჟი დაასრულა.
ამ ამბავს საერთო არაფერი აქვს ტაიტელ არბიტრთან, სამაგიეროდ იმას აქვს, რასაც ახლა მოგიყვებით: მატჩის 79-ე წუთზე არიოტიმამ ტუნისელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა (იმ დროისთვის 1:1 იყო ანგარიში), ბურთთან მოჰამედ ჟედიდი მივიდა და... გაიტანა. თუმცა, პატივცემულმა ჩარლზმა ხელმეორედ შესრულებისკენ მოუწოდა აფრიკელ ნახევარმცველს. იტყვით, რა მოხდა, ასეთი ფაქტები ფეხბურთში ხშირიაო, მაგრამ იმ დღეს ეს ყველაფერი უსასრულობამდე გაგრძელდა – ჟედიდს არიოტიმამ პენალტი არც მეტი, არც ნაკლები ექვსჯერ(!) დაარტყმევინა...
მოკლედ, სახალისო ისტორიაა, რომლის მსგავსიც ძნელია გაიხსენო.







