ფეხბურთი

10:41 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი: კაშიას ფრე დერბიში, ოქრიაშვილის ორი შანსი

რუსეთის პრემიერლიგაში "კრასნოდარმა" შინ 1:0 მოუგო "ამკარს" და მეოთხე ადგილზეა. თორნიკე ოქრიაშვილი 75-ე წუთზე შევიდა მინდორზე და ამ მცირე დროში ორი ასპროცენტიანი მომენტიც შეექმნა: ერთხელ კარს გადააცილა, მეორედ კი სუსტად დაარტყა.

"ამკარში" შეუცვლელად და საიმედოდ ითამაშა მცველმა გიორგი ჯიქიამ, რომელიც ახლო მომავალში, შესაძლოა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გახდეს. მეორე ტაიმში შევიდა მინდორზე დავით ხურციძე, რომელიც ქუთაისის "ტორპედოშიც" გამოდიოდა. "ამკარი" მეშვიდე საფეხურზეა.

ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" სტუმრად 3:1 აჯობა "ირტიშს". "ირტიშში" (მესამე ადგილზეა) შეუცვლელად ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა. ცხადაძის "ქაირათს" რაც შეეხება, თითქმის მუდმივად იგებს, მაგრამ ჩემპიონობას ალბათ ვეღარ შესწვდება: ლიდერ "ასტანას" 3 ქულით ჩამორჩება, თანაც ასტანელებს ერთი მატჩი მარაგში აქვთ.

მეოთხეზეა გოგიტა გოგუასა და ოთარ მარცვალაძის "ორდაბასი", რომელმაც სტუმრად 0:3 წააგო "ოკშეპტესთან". მარცვალაძემ სრულად ითამაშა, გოგუამ კი - მეორე ტაიმი.

არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიაში ფრედ ითამაშა "ნაიმეგენთან" -1:1. არნემელთა კაპიტანმა გურამ კაშიამ 90 წუთი გაატარა მოედანზე და საიმედოც გახლდათ. გურამმა გაფრთხილება მიიღო მეორე ტაიმში. "ვიტესი" მეშვიდე ადგილზეა.

ბელარუსში ვაკო გვილიამ ბოლო ნახევარი საათი ითამაშა ბატე-ს შემადგენლობაში. ეს მოზირის "სლავიასთან" 0:0 დასრულებულ მატჩში. როგორც იცით, ბატე-მ უკვე მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.

ავსტრია: გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" ვენური დერბი წააგო "აუსტრიასთან" - 0:2. ქვილითაია 52-ე წუთზე შევიდა მინდორზე. "რაპიდი" ბევრს უტევდა, მაგრამ გოლს ვერა და ვერ ეღირსა.

უკრაინა: სანდრო კობახიძის "ვორსკლამ" სტუმრად 2:1 აჯობა დავით ხოჭოლავას "ჩერნომორეცს". კობახიძე ბოლოს შეცვალეს, ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა. ოდესელები მეხუთე ადგილზე არიან, "ვორსკლა" კი მეშვიდეა.

"ემპოლიმ" იტალიის სერია ა-ს შეხვედრაში "კიევოსთან" 0:0 ითამაშა და ბოლოსწინა ადგილზეა. ლევან მჭედლიძე სათადარიგო იყო.

პორტუგალიაში გიორგი მაკარიძის "მორეირენსემ" შინ 1:1 ითამაშა "რიუ ავესთან" და ბოლოსწინა პოზიციაზეა. მაკარიძე ბევრ გოლს ნამდვილად არ უშვებს (8 მატჩში 11), ეგაა, მისი გუნდი ვერ იტანს (მხოლოდ 5 გოლი აქტივში).

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში "ხიმნასტიკმა" სტუმრად 0:3 წააგო "ალმერიასთან" და ბოლო ადგილზეა. ოთარ კაკაბაძე 54-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე. ამ დროს "ხიმნასტიკი" 10 კაცით იყო, მარჯვენა მცველი გააძევეს და მწვრთნელმა ფორვარდი გაიყვანა, ვის ნაცვლადაც კაკაბაძე ჩართო თამაშში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111487