საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი დღეს სასტუმრო “ჰუალინგში” ჟურნალისტებს შეხვდა. როგორც სლოვაკი სპეციალისტი ამბობს, საქართველოს ნაკრებმა ოქტომბერში ორი განსხვავებული კარგი თამაში ჩაატარა, თუმცა სამწუხაროა, რომ ირლანდიასთან წააგო.
მწვრთნელმა ასევე კომენტარი გააკეთა ჯაბა კანკავაზე, რომელიც გუნდს ბოლო მატჩებში ვერ ეხმარებოდა. ყურადღება ეროვნულ ჩემპიონატზეც გაამახვილა და თქვა, რომ აქტიურად ადევნებს თამაშებს თვალყურს, რადგან ნაკრებში გარკვეულ პოზიციებზე, განსაკუთრებით დაცვის ხაზში ნაკლები კონკურენციაა.
განსხვავებული მატჩები
“ვფიქრობ, ეს იყო ორი განსხვავებული თამაში, რომელიც ძალიან კარგად ჩავატარეთ. ირლანდიასთან არ გაგვიმართლა. მიუხედავად ამისა, კარგი ხარისხი ვაჩვენეთ. უელსთან ყველაზე კარგი თამაში იყო, რაც ჩემი აქ ყოფნის დროს ნაკრებმა ჩაატარა. გუნდში არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები. მათი საშუალო ასაკი 23-24 წელია. მაგალითად, ოქრიაშვილი, ჯიღაური, კაკაბაძე, გვილია, ანანიძე და კიდევ ბევრი.
ჯაბა კანკავა
გუშინ დავურეკე და ველაპარაკე. ის უკვე სრულყოფილად ვარჯიშობს “რეიმსში”. ჯაბამ მითხრა, რომ მზად იქნება მოლდოვასთან თამაშისთვის.
სტანდარტულების დროს დაშვებული შეცდომები
გეთანხმებით და გასაგებია, რომ პრობლემას წარმოადგენდა ჩვენთვის განვლილ მატჩებში ეს კომპონენტი. სტანდარტული სიტუაციის დროს ჩვენ ტაქტიკა შევცვალეთ. მე პირადად მიყვარს ზონური დაცვა. სწორად რომ შეესრულებინათ ფეხბურთელებს ის დავალება, რომელიც ჩვენ მივეცით ავსტრიასთან, სხვა შედეგს მივიღებდით. არ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ბრალია. ფეხბურთს გუნდი თამაშობს და იმედია, მომავალში გამოვასწორებთ.
მე არ ვთვლი, რომ თავდასხმაში ხარისხიანი ფეხბურთელები გვაკლია. მჭედლიძეს უელსთან არ გაუმართლა. ოქრიაშვილი, მჭედლიძე, ყაზაიშვილი კარგი დონის ფეხბურთელები არიან. იმედი მაქვს, რომ მომდევნო სამ თამაშში მოვახერხებთ მომენტების რეალიზებას და ქულების დაგროვებას. სწორედ ამ შეხვედრებში გაირკვევა შევძლებთ თუ არა ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას და ვფიქრობ, ამის შანსი გვაქვს, რადგან ჩვენს ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტები არ არიან.
ოთარ კაკაბაძე თუ უჩა ლობჟანიძე
ტრავმები ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. უჩა ძირითადი შემადგენლობის წევრი დიდი ხნის განმავლობაში იყო, ახლა კი შანსი კაკაბაძემ მიიღო და ვფიქრობ, გამოიყენა. მისი და გვილიას სახით საკმაოდ ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს აქვთ შანსი გამოიჩინონ თავი ნაკრებში. ცუდი ისაა, რომ ნიჭიერი ფეხბურთელების უმეტესობა შემტევია და დაცვაში დიდი არჩევანი არაა. არ ვიცით, რა გავაკეთოთ თუ მაგალითად კაშია არ გვეყოლება. 5 ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აქვს მიღებული და ამაზეც უნდა ვიფიქრო მომდევნო თამაშებში.
ჯაბა ლიპარტია
ჩვენ თვალს ვადევნებთ მის თამაშს და ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იქნება. თუმცა, ის თამაშობს იმ პოზიციაზე, სადაც კონკურენცია ნაკრებში დიდია და ამიტომ, შემდგომ გადავწყვეტთ ითამაშებს თუ არა ნაკრებში ლიპარტია.
მოლდოვასთან მატჩის წინ
დავაკვირდით მოლდოვის ნაკრებს და დაცვაში საკმაოდ კომპაქტურად თამაშობენ. მართალია, ბოლო მატჩებში ბევრი გოლი გაუშვეს, მაგრამ ეს ძირითადად ინდივიდუალური შეცდომების ხარჯზე. ფაქტი ისაა, რომ მოლდოვასთან ალბათ ფავორიტები ვიქნებით და მეტოქე აქცენტს კონტრშეტევაზე გააკეთებს. მათ ჰყავთ რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი და მინდა ვთქვა, რომ ყველა მეტოქეს პატივს ვცემ – ამ დონეზე სუსტი მეტოქე არ არსებობს.
შთაბეჭდილებები “ჩიხურა” – “სამტრედიის” მატჩიდან
უკვე მეორედ ვიყავი საჩხერეში – ამჯერად უფრო მეტი ბრძოლა იყო, ვიდრე ხარისხი და ეს ცუდმა გაზონმაც გამოიწვია. ვაკვირდებოდით მოთამაშეებს, უფრო მეტად მცველებს, რადგან კონკურენცია ამ პოზიციაზე მცირეა. მომეწონა მარჯვენა მცველის, გრიგალაშვილის თამაში. ამ დღეებში კიდევ სამ თამაშს დავესწრები და ვნახოთ. ჩვენ გვაინტერესებს, როგორც უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელები, ისე საქართველოში. დავაკვირდები “დინამოს” ფეხბურთელებსაც, რომლებიც ბოლო დროს არ იყვნენ კარგ ფორმაში და ადგილი გაფართოებულ შემადგენლობაში გარანტირებული არ აქვთ.