მესამე მატჩი და მესამე გამარჯვება - აკაკი დვალიშვილის „ნოვოსიბირსკმა“ რუსეთის სუპერლიგა 1-ში მორიგი, ამჯერად გასვლითი გამარჯვება მოიპოვა და ამაში ქართველი ფორვარდის (აკაკი რუსეთში მხოლოდ თავდამსხმელად თამაშობს) დამსახურება სოლიდურია.
ციმბირელებმა მე-3 ტურის მატჩი რიაზანში, ანალოგიური სახელწოდების გუნდთან გამართეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს - 85:63. ქართველი ლეგიონერი სათადარიგო იყო, თუმცა დაახლოებით იმდენი ითამაშა, რამდენიც - სასტარტოებმა. მოედანზე გატარებულ 25 წუთში დვალიშვილმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 10 ქულა მოაგროვა და ამას 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაყოლა. ქართველი ფორვარდი 3-ჯერ დაჯარიმდა, ხოლო მეტოქეებმა მასზე წესები ერთხელ დაარღვიეს. ნოვოიბირსკელთა შორის 18 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ალექსანდრ ლავნიკოვი, 14-14 ქულა დააგროვეს დიმიტრი მაკეევმა და ალექსეი კურცევიჩმა.
3-დან 3 მოგებით „ნოვოსიბირსკი“ მეორე ადგილზეა. შემდეგ მატჩს დვალიშვილის გუნდი 21 ოქტომბერს, სტუმრად, „სამარასთან“ გამართავს.
gbf.ge