როგორც შევიტყვეთ, 60 წლის მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივის" სათასო მატჩს დაესწრება. როგორც იცით, შეხვედრა "დინამო არენაზე" 19 ოქტომბერს 17:00 საათზე დაიწყება.
ხვალვე, გროზნის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან და კლუბის სხვა ხელმძღვანელებთანაც ექნება კონტაქტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი "დინამოში" დანიშვნა გადაწყვეტილია - კიდევ რამდენიმე ვარიანტია და დინამოელთა ხელმძღვანელობა სპონტანურად არ მიიღებს გადაწყვეტილებას.
შევიტყვეთ, რომ კლუბი ისეთ სპეციალისტს დანიშნავს, რომელსაც არა მაინცდამაინც CV უმაგრებს ზურგს, არამედ ახალგაზრდებთან წარმატებით მუშაობის გამოცდილება აქვს.
გროზნი უკრაინელია და ბოლოს უჟგოროდის "ჰოვერლაში" მუშაობდა. არაერთ გუნდს წვრთნიდა, მათ შორის მოსკოვის "სპარტაკს", "დნიპროს", ბულგარეთის "ლევსკის", კიევის "არსენალს", "ტერეკს", ყაზახეთის "ტობოლს".
კიდევ ვიმეორებთ, გროზნის საკითხი გადაწყვეტილი არაა. ის, უბრალოდ, თამაშს დაესწრება და კლუბის ხელმძღვანელობასთან ექნება კონტაქტი.