არგენტინელმა ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ, როგორც წინასწარ იყო დაანონსებული, “ბარსელონასთან” ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი გააფორმა. კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ახალი შეთანხმების ფინანსური დეტალები ოფიციალურად არ სახელდება, ცნობილია ის, რომ კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევროა მითითებული.
მასკერანო “ბარსელონაში” 2010 წელს ინგლისური “ლივერპულიდან” გადავიდა. კატალონიური გრანდის რიგებში 32 წლის მცველის ანგარიშზე ამ დროის განმავლობაში 289 მატჩი და 17 ტიტული ირიცხება.
მასკერანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების პარალელურად, “ბარსელონამ” ნეიმართან შეთანხმების შესახებაც გამოაცხადა. ბრაზილიელთან ახალი ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება და ძალაში 2021 წლის ზაფხულამდე იქნება. ნეიმარი კატალონიელთა ღირსებას 2013 წლიდან იცავს, სადაც ის “სანტოსიდან” გადავიდა. 24 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.
“კლუბში და ამ ქალაქში ბედნიერი ვარ. ყველაფერი ისეა, როგორც ოცნებაში წარმომედგინა. ყოველი წამით ვტკბები. ვერცერთი კლუბში იქნება ისეთი ატმოსფერო, როგორიც “ბარსელონაში” სუფევს” - ამბობს ნეიმარი.