საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ თბილისი რენე სანტოსსა და გიორგი პაპუნაშვილს მკაცრად დასჯის. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი გვამცნობს, კლუბი აღშფოთებულია ფეხბურთელების ქმედებით და მათ საქციელს გმობს.
“დინამო თბილისის ხელმძღვანელობა აღშფოთებულია ლანჩხუთში მომხდარი ინციდენტით, გმობს დინამოელი ფეხბურთელების- რენე სანტოსისა და გიორგი პაპუნაშვილის საქციელს. კლუბში შედგება მომხდარი ფაქტის დეტალური განხილვა და ორივე მოთამაშე უმკაცრესად დაისჯება. აქვე გვინდა აღფრთოვანება გამოვხატოთ იმ მოთამაშეების მიმართ, რომლებიც თანაგუნდელთა ქცევის გამო ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ, არ დაიბნენ, უმოკლეს დროში შეძლეს მობილიზება და მატჩის დადებითი შედეგით დასრულება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ლანჩხუთის „გურიასა“ და „დინამოს“ მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს რენე სანტოსმა და პაპუნაშვილმა მინდორზე ერთმანეთში იჩხუბეს, რის გამოც მსაჯმა ორივეს წითელი ბარათი უჩვენა. 9 კაცით მოთამაშე „დინამომ“ კი, ლანჩხუთში გამარჯვების მოპოვება შესძლო.