ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას მეოთხე ტურში ქართული დერბი შედგა – თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” საკუთარ კედლებში ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის “ანდორას” 95:77 აჯობა.
მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო თორნიკე შენგელია და პარკეტზე საუკეთესოც გახლდათ – თორნიკემ 26:56 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 5 ასისტი მიითვალა. შენგელიამ 9-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, 3-დან 1 სამქულიანი, ხოლო ორიდან ორი საჯარიმო ზუსტად სტყორცნა.
რაც შეეხება “ანდორას” – სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა შერმადინი, ვინც მოედანზე 22:27 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა. ბექა ბურჯანაძე კი, სასტარტოში არ ყოფილა, მაგრამ ურიგოდ არც ის გარჯილა: 21:18 წუთი, 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი.
აღსანიშნავია, რომ “ანდორას” შემადგენლობაში ათქულიან ზღვარს მხოლოდ ქართველი კალათბურთელები ასცდნენ, ხოლო შენგელიას შედეგიანობით მხოლოდ თანაგუნდელმა ჯოშ აკონონმა აჯობა, ისიც ერთი ქულით. თუმცა, მარგი ქმედების კოეფიციენტი ქართველს გაცილებით უკეთესი ჰქონდა. ეს გულშემატკივრებმაც დააფასეს და შეხვედრის MVP სწორედ ჩვენებური გახდა. აქვე ისიც ვთქვათ, მატჩის ყველაზე შედეგიან ოთხ მოთამაშეს შორის, სამი ქართველი გახლდათ.
“ბასკონიამ” მეოთხე ტურში მესამე თამაში მოიგო, ხოლო “ანდორა” პირველად დამარცხდა მიმდინარე სეზონში, თუმცა მხოლოდ ორი მოგება აქვს, რადგან ჯერ სამი თამაში ჩაატარა. მოგეხსენებათ, ესპანეთის ჩემპიონატი 17 გუნდიანია და ყოველ ტურში ერთ გუნდს დასვენება უწევს. სწორედ ამიტომ აქვს შერმადინისა და ბურჯანაძის “ანდორას” თამაშით ნაკლები ჩატარებული.