სხვა

21:44 | 16.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიურის ტიტულებისთვის კლიჩკო და ჯოშუა იბრძოლებენ

პროფესიულ კრივში, ყველაზე პრესტიჟულ – სუპერმძიმე წონით კატეგორიაში, მსოფლიოს საკრივო ასოციაციისა (WBA) და მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციის (WBO) ვერსიების საჩემპიონო ქამრები ვაკანტურია. ამ ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონმა – კოკაინის მოხმარების გამო დოპინგ-სკანდალში გახვეულმა ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ რამდენიმეკვირიანი სკანდალისა და მითქმა-მოთქმის შემდეგ თავად გააკეთა განცხადება, რომ ტიტულებს უბრძოლველად თმობს.

"ახლა ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი გამოწვევის წინაშე ვდგავარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლასაც ისევე წარმატებულად დავასრულებ, როგორც ვლადიმერ კლიჩკოსთან საჩემპიონო შეხვედრა დავასრულე, თვეების წინ. ქამრები რინგზე მოვიპოვე და მიმაჩნია, რომ თუ დავკარგავდი, ისევ რინგზე უნდა დამეკარგა, მაგრამ ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი. არ შემიძლია ტიტულების დაცვა და იძულებული ვარ, მივიღო მძიმე გადაწყვეტილება. მათზე ოფიციალურად ვთქვა უარი” – განაცხადა ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა.

ტაისონ ფიური დარწმუნებულია, რომ უმძიმეს პერიოდს მალე დაძლევს და 2017 წელს რინგზე თავისი ძველი დიდების დასაბრუნებლად ისევ დაბრუნდება. იქამდე კი, BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომ WBA-ისა და WBO-ს ტიტულებისთვის ერთმანეთს უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო და ბრიტანელი ენტონი ჯოშუა დაუპირისპირდებიან.

ფიურისა და კლიჩკოს ბრძოლა 2015 წლის 28 ნოემბერს, დიუსელდორფში გაიმართა და ფიურიმ მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა, რითაც მას სუპერმძიმე წონაში კრივის საერთაშორისო ფედერაციის (IBF), საერთაშორისო საკრივო ორგანიზაციის (IBO), მსოფლიოს საკრივო ასოციაციისა (WBA) და მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციის (WBO) ვერსიების საჩემპიონო ქამრები ჩამოართვა. მოგვიანებით, IBF-ის ტიტული ჩამოართვეს, ასევე ბრძოლისთვის თავის არიდების გამო.

ფიურის პროფესიულ რინგზე გამართული 25 ბრძოლიდან 25-ივე მოგებული აქვს. აქედან 18 ნოკაუტით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113861