ფეხბურთი

15:50 | 16.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა უკმაყოფილოა, კუმანმა შტეკელენბურგი შეაქო

ინგლისის პრემიერლიგის ლიდერმა "მანჩესტერ სიტიმ" "ეტიჰადზე" "ევერტონი" ვერ დაამარცხა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ "ქალაქელთა" თავკაცი პეპ გვარდიოლა იმედგაცრუებული იყო. "სიტის" ორჯერ შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მარტენ შტეკელენბურგმა სერხიო აგუეროს და კევინ დე ბრუინს პენალტები აუღო.

"ყველაფერი გავაკეთეთ, მეტოქემ კი ერთი მომენტი შექმნა და გოლი გაიტანა. ცოტათი იმედგაცრუებული ვარ. რონალდ კუმანს და "ევერტონს" ჩემგან კომპლიმენტი ეკუთვნით, რადგან საქმე კარგად შეასრულეს." - განაცხადა ესპანელმა.

რონალდ კუმანმა კი შტეკელნბურის თამაში დააფასა და აღნიშნა, ასეთ მატჩებში ცოტა იღბალი და ჰოლანდიელისნაირი მეკარეა საჭიროო.

"აღებული ქულით კმაყოფილი ვარ, რადგან "ეტიჰადიდან" ცოტას თუ მოაქვს ქულა. ასეთ მატჩებში ცოტაოდენი იღბალი და შტეკელენბურგისნაირი მეკარეა საჭირო." - აღნიშნა ჰოლანდიელმა.

პრემიერლიგას 19-19 ქულით "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "არსენალი" ლიდერობენ, თუმცა ბურთების უკეთესი სხვაობის გათვალისწინებით "ქალაქელები" პირველ პოზიციას იკავებენ. "ევერტონი" კი მეექვსე პოზიციაზე 15 ქულითაა.

0.116405