ფეხბურთი

19:49 | 14.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიმის მეოთხე არჩევანი: “ვალენსიაში” პრანდელის ერა იწყება

ესპანეთის ჩემპიონატის 2016/2017 წლების სეზონი “ვალენსიასთვის” საშინლად დაიწყო. “ღამურებმა” საწყისი 4 მატჩი არც თუ ისე ძლიერ მეტოქეებთან დათმეს, რასაც მიმდინარე ლა ლიგაში პირველი (თუ არ ჩავთვლით მარსელინიო ტორალის დათხოვნას, რომელმაც “ვილიარეალი” ჩემპიონატის დაწყებამდე დატოვა) სამწვრთნელო ცვლილება მოჰყვა. პაკო აიესტარანს კარისკენ მიუთითეს და მის ნაცვლად, გუნდი დროებით სალვადორ გონსალეს მარკოს ანუ იგივე ვოროს ჩააბარეს, რომელიც “ვალენსიას” დელეგატია და სხვადასხვა პერიოდში აქამდეც მოუწია დროებითი მწვრთნელის ფუნქციების შესრულება. ვორო “ღამურებს” 3 ტურის განმალობაში გაუძღვა და წინამორბედზე ბევრად კარგი შედეგი აჩვენა (2 მატჩი მოიგო, ხოლო “ატლეტიკოსთან” წააგო). საბოლოოდ კი, “ვალენსიას” ხელმძღვანელობა როგორც იქნა მიხვდა და კვალიფიციური მწვრთნელი მიიწვია: “ლოს ჩეს” 2018 წლის 30 ივნისამდე ყველასთვის კარგად ნაცნობი ჩეზარე პრანდელი გაწვრთნის.

“დიადიდან სასაცილომდე”

“ვალენსიას” კრიზისზე საუბარი, რომელიც უკვე კარგა ხანია მუდმივად იქცა, ძალიან საინტერესო, თუმცა ამავდროულად ძალზე რთული თემაა და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. თუმცა, ვეცდებით, რომ მოცემულ სტატიაში ამაზე შედარებით ვრცლად ვისაუბროთ.

“ღამურების” უბედურების დასაწყისი ყოფილ პრეზიდენტს ხუან ბაუტისტა სოლერს უკავშირდება. მან მაშინ ჩაიბარა კლუბი, როდესაც ის ძლიერების მწვერვალზე იმყოფებოდა. ეს მოხდა 2004 წლის 4 ივნისს. ამ წელს, “ლოს ჩემ” ლა ლიგა, უეფას თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო. “ღამურებს” ისეთი გუნდი ჰყავდათ, რომ კიდევ ბევრი შეეძლოთ, თუმცა სოლერის მოსვლისთანავე ვალენსიელებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს უკან. სოლერმა მალევე უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, რაფაელ ბენიტესს, რომელმაც “ვალენსიას” 3 სეზონში 2 ლა ლიგა და უეფას თასი მოაგებინა, სატრანსფერო საკითხები არ დაუკმაყოფილა, რასაც მისი “ლივერპულში” წასვლა მოჰყვა.

გარდა იმისა, რომ სოლერმა არასწორი სპორტული გადაწყვეტილება მიიღო, მალევე მარკეტინგში სერიოზული ფიასკო მოუვიდა, რამაც “ვალენსიასთვის” მომაკვდინებელი შედეგი გამოიღო. 2006 წელს გადაწყდა, რომ კლუბს ახალი სტადიონი ექნებოდა, რომელიც დაახლოებით 300 მილიონი ევრო დაჯდებოდა. ეს იყო სრულიად არასაჭირო და ზედმეტი პროექტი (ხარჯი), რომლის განხორცილებაც დღემდე ვერ მოხერხდა და კლუბი ფინანსურად ისე გატეხა წელში, რომ ამდენი ხნის მერეც ვერ გასწორდა. “ნოუ მესტალია” კი, მშენებლობის დაწყებიდან 10 წელში სანახევროდაა აშენებული და მისი მშენებლობის დასრულების საკითხი კვლავ ბუნდოვანია. “ვალენსიას” ახალი მფლობელის პიტერ ლიმის თქმით, სტადიონის მშენებლობა 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს, თუმცა “ნოუ მესტალიას” გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა და გასაკვირი არ იქნება, რომ კიდევ ერთხელ გადაიწიოს. აღსანიშნავია, რომ სტადიონი თავდაპირველად 75000 მაყურებელზე უნდა ყოფილიყო გათვლილი, თუმცა საბოლოო პროექტის მიხედვით, 61500 მაყურებელს დაიტევს, როდესაც ძველი “მესტალია” 55000 ქომაგს იტევს. არენა მშვენიერ მდგომარეობაშია და საყოველთაო მოსაზრებით, “ვალენსიას” ახალი სტადიონი არ სჭირდებოდა.

სტადიონს რომ თავი დავანებოთ, ხელმძღვანელობა სხვა საკითხებშიც მოიკოჭლებდა, რამაც ასახვა ძალიან მალე ჰპოვა. “ღამურები” ნელ-ნელა ვალებში ჩაეფლნენ და 2009 წლისთვის დავალიანებამ ნახევარ მილიარდზე მეტს მიაღწია. მაშინ, გუნდის გაკოტრების სერიოზული საფრთხე არსებობდა და “ღამურების” ყოფილმა მწვრთნელმა ისიც კი განაცხადა, რომ მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში უხელფასოდაც ემუშავა.ამ დროს, უკვე პრეზიდენტი ვისენტე სორიანო იყო, რომელმაც 2008 წელს ჩაიბარა გუნდი და მომდევნო წელს უკვე მანუელ ლორენტეს გადააბარა. ორივეს დაახლოებით ერთი პოლიტიკა ჰქონდათ და ცდილობდნენ, რომ ხარჯები მაქსიმალურად შეემცირებინათ, რითაც ვალები დაეფარათ. ყოველივე ამას ის მოჰყვა, რომ “ვალენსიამ” წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა დაიწყო და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდიდან, საშუალო დონედ იქცა. მოთამაშეების გაყიდვამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი 2010 წლიდან მიიღო. 2010-2013 წლებში “ვალენსია” ისეთმა მოთამაშეებმა დატოვეს, როგორებიც არიან: დავიდ ვილია, დავიდ სილვა, ხუან მატა, ხოაკინ სანჩესი, ისკო, ხორდი ალბა, კარლოს მარჩენა და რობერტო სოლდადო. “ვალენსიამ” ამ მოთამაშეებში150 მილიონზე მეტი მიიღო და ვალებიც ოდნავ შეამცირა, თუმცა სპორტული თვალსაზრისით სერიოზულად დაქვეითდა.

2013 წელს “ვალენსიას” სათავეში ამადეო სალვო ჩაუდგა. ის წინამორბედებისგან განსხვავდებოდა და საქმის ვითარებაში მალევე გაერკვა. ამადეო მიხვდა, რომ კლუბის ერთადერთი ხსნა უცხოელ ინვესტორზე გაყიდვა გახლდათ, რომელიც დიდძალ ფულს დააბანდებდა კლუბში. მაშინ, სალვოს გეგმა ბევრმა არ ირწმუნა, მათ შორის, რობერტო სოლდადომ, რომელმაც სალვო ტყუილებში დაადანაშაულა, განაცხადა, რომ მისი გეგმის არ სჯერა და ამიტომაც, “ტოტენჰემში” გადავიდა.

დაახლოებით ერთ წელიწადში ცხადი გახდა, რომ სალვოს გეგმა ტყუილი არ ყოფილა. ამადეოს აქტიური მუშაობის წყალობით, “ვალენსიათი” რამდენიმე მილიარდელი დაინტერესდა, რასაც სინგაპურელი მილიარდელის პიტერ ლიმის და მისი გუნდის “მერიტონის” მოსვლა მოჰყვა.

ამ დროს, “ვალენსიას” ვალი დაახლოებით 400 მილიონ ევროს შეადგენდა. ლიმმა აღნიშნა,რომ ვალებს დაფარავდა, 2019 წელს სტადიონის მშენებლობას დაასრულებდა, ძლიერ ფეხბურთელებს მოიწვევდადა მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდნენ.

მოკლედ, პიტერ ლიმმა გუნდი საშინელ მდგომარეობაში ჩაიბარა, თუმცა არსებობდა რაღაც კომპონენტები (თუნდაც კარგი მწვრთნელი, ახალგაზრდული აკადემია), რაშიც კლუბს დიდი პოტენციალი გააჩნდა და ამის სწორად გამოყენება იყო საჭირო, მაგრამ...

არასწორი გადაწყვეტილებით დაწყება

“ვალენსიას” 2013/2014 წლების სეზონის მეორე ნახევარში ხუან ანტონიო პიცი წვრთნიდა. მან “ლოს ჩე” დეკემბერში ჩაიბარა, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ცხრილის მეორე ნახევარში იყო და ევროსაგზურების მოპოვების შანსი აღარ ჰქონდა.

პიცის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მწირი რესურსების გადამკიდე ხმაურიანი ტრანსფერი არ გაუჩარხავს. მან სეიდუ კეიტა, ედუარდო ვარგასი და ფილიპე სენდეროსი მიიწვია. პიციმ ეს მოთამაშეები კარგად გამოიყენა და მალე, გუნდი მშვენივრად აათამაშა. “ვალენსია” ლამაზ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა, რომელიც ვალენსიელ ქომაგს ძალიან მოსწონდა. “ღამურებმა” გასვლაზე ”ბარსელონას” დამარცხება მოახერხეს, ხოლო “რეალთან” მხოლოდ 93-ე წუთზე დაკარგეს გამარჯვება. გარდა ამისა, “ვალენსიას” წამები დააკლდა ევროპა ლიგის ფინალში გასვლამდე, როდესაც “მესტალიაზე” სტეფან მ’ბიამ უკანასკნელ წუთზე გაუტანა დიეგო ალვეშს.

მოკლედ, ხუან ანტონიო პიცის ყველას ეიმედებოდა და ფიქრობდნენ, რომ ახალი მფლობელის ხელში, რომელიც ნორმალურ თანხას გამოუყოფდა, კიდევ უფრო მაღალ დონეზე აათამაშებდა გუნდს, მაგრამ პიტერ ლიმმა ძალიან მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. სინგაპურელი მილიარდელის მეგობარი ცნობილი პორტუგალიელი აგენტი ხორხე მენდეშია, რომელმაც ის დაარწმუნა, რომ გუნდში საკუთარი მწვრთნელით უნდა მისულიყო. სალვო ყველანაირად ეცადა, რომ ლიმისთვის ეს გადაეფიქრებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა და პიცისთან გამომშვიდობება მოუწია. ლიმმა კი, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ნუნუ ესპირიტო სანტო დანიშნა, რომელიც იქამდე მხოლოდ “რიუ ავეს” წვრთნიდა და “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი უფრო იმიტომ გახდა, რომ მენდეშის მეგობარია.

ლიმი სატრანსფერო საკითხებშიც მენდეშს ენდო, რომელმაც ჟოაო კანსელო, როდრიგო მორენო, ალვარო ნეგრედო და ანდრე გომეში აყიდინა, ხოლო სალვო-რუფეტე-აიალას ტრიომ ნიკოლას ოტამენდი, როდრიგო დე პაული და შკოდრან მუსტაფი მოიყვანეს.

მთლიანობაში, პირველი წელი კარგი აღმოჩნდა და “ვალენსია” ორწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა. თუმცა, სათქმელია, რომ 2014/2015 წლების სეზონში “ლოს ჩე” სხვებისგან განსხვავებით, მხოლოდ შიდა ჩემპიონატით იყო დაკავებული, რაც დიდი უპირატესობა გახლდათ.

მომდევნო წელს კი, როდესაც “ღამურებსაც” მოუწიათ ევროთასებზე თამაში, კლუბს ძალიან გაუჭირდა. აქ გამოჩნდა, რომ ნუნუ ესპირიტო სანტოს კვალიფიციურობა საკმარისი არ იყო და ასევე, აიმენ აბდენურმა ნიკოლას ოტამენდის შეცვლა ვერ შეძლო, რამაც დაცვა მთლიანად მოშალა, რომელიც წინა სეზონში კლუბის ყველაზე საიმედო რგოლი გახლდათ.

გარდა ამისა, უთანხმოება მოხდა პიტერ ლიმსა და ამადეო სალვოს შორის, რაც ამ უკანასკნელის, რობერტო აიალას და რუფეტეს წასვლით დასრულდა, რამაც კლუბზე ნეგატიურად იმოქმედა.

2015 წლის 29 ნოემბერს ნუნუ ესპირიტო სანტომ “ვალენსია” დატოვა და ქომაგებს იმედი გაუჩნდათ, რომ ლიმი კვალიფიციურ მწვრთნელს მოიყვანდა, თუმცა რაც სინგაპურელმა ქნა, იმას ისევ სანტოს დატოვება ჯობდა. მან მწვრთნელის პოსტზე გარი ნევილი მოიწვია, რომლის მწვრთნელობაც არავის ჰქონდა გაგებული. ინგლისელმა იმდენად კატასტროფულად იმუშავა, რომ ოთხი თვის შემდეგ გაათავისუფლეს, რადგან “ვალენსია” გასავარდნ ზონასთან ტრიალებდა. მის ნაცვლად, პაკო აისტარანი დანიშნეს, რომელიც ნევილის თანაშემწე იყო და კიდევ უფრო ადრე “ვალენსიაში” რაფაელ ბენიტესის სამწვრთნელო შტაბშიც გახლდათ. პაკომ თითქოს კარგად დაიწყო, გასვლაზე “ბარსელონას” მოუგო და “ვალენსიას” გავარდნის საფრთხე აარიდა, თუმცა ბოლო ტურებში “ლოს ჩემ” ისევ აურია, რაც ხელმძღვანელობისთვის საგანგაშო უნდა ყოფილიყო, თუმცა სინგაპურელებმა კიდევ ერთი ექსპერიმენტალური გადაწყვეტილება მიიღეს და პაკოს 2 წლით ანდეს გუნდი...

ზაფხულის ტრანსფერები

ევროთასების მიღმა დარჩენამ “ვალენსიას” ფინანსური პრობლემები მოუტანა. კლუბმა მნიშვნელოვანი შემოსავალი დაკარგა. ამიტომაც, ქომაგებს წინ კიდევ რამდენიმე იმედგაცრუება ელოდათ წინ. ვალენსიური კლუბი დატოვეს: შკოდრან მუსტაფი, ანდრე გომეშმა და პაკო ალკასერმა. წინა სეზონის სამმა მთავარმა ფიგურამ. აქედან ორი “ბარსელონაში” გადავიდა და შეიძლება ითქვას, რომ ალკასერი სათადარიგო სკამისთვისაა განწირული. ამიტომაც, სულ ცოტა ხნის წინ “მესტალიური” პუბლიკის საყვარელი ფეხბურთელი მათთვის იუდად იქცა. მათ გარდა, “ვალენსია” დატოვეს: იოელმა, ბარაგანმა, ბარბოსამ, ფუეგომ, პიატიმ, დე პაულმა, ნეგრედომ, იბანესმა, ორბანმა, ვეზომ და ჩერიშევმა. რაც შეეხება ახალ სახეებს, ესენი არიან: ელიაკიმ მანგალა, ეზეკიელ გარაი, მარტინ მონტოია, მარიო სუარესი, ალვარო მედრანი, ლუიშ ნანი და მუნირ ელ ჰადადი. შეიძლება ითქვას, რომ “ვალენსია” მხოლოდ დაცვაში გაძლიერდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ შკოდრან მუსტაფი წავიდა, კლუბმა 2 ძალიან მაღალი დონის მცველი დაიმატა, რომელთაც შეუძლიათ, რომ ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის დუეტი შექმნან. აი სხვა კომპონენტებში კი (განსაკუთრებით თავდამსხმაში და ნახევარდაცვის ცენტრში), “ვალენსია” მოიკოჭლებს და ზამთარში აუცილებლად დასჭირდება გაძლიერება.

რა დახვდა პრანდელის და რა შეუძლია?

ჩეზარე პრანდელი საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტია, თუმცა ის ჯადოქარი არაა და გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდება “ვალენსიას” დასალაგებლად. პირველ რიგში, ფეხბურთელებმა საკუთარი თავის რწმენა უნდა დაიბრუნენ და დაიჯერონ, რომ მათ მაღალი მიზნების მიღწევა შეუძლიათ.

მიუხედავად იმისა, რომზოგიერთი ამპლუა შედარებით მოსუსტებულია, პრანდელის მაინც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა მისი სწორად გამოყენებაა საჭირო, რასაც წინა მწვრთნელები, რომელთაც მაღალი კვალიფიკაცია არ გააჩნდათ, ვერ ახერხებდნენ, რაც როგორც “ღამურების” თამაშის ხარისხზე, ისე შედეგში აისახა.

“ღამურები” ამჟამად მე-17 ადგილზე იმყოფებიან, თუმცა ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და ევროთასები საგზურის მოპოვება ნამდვილად რეალურია, თუმცა ამისთვის პრანდელის და მის შეგირდებს უამრავი მუშაობა მოუწევთ.

პრანდელის ყველაზე მეტი თავის მტვრევა მეკარის პოზიციაზე მოუწევს. აქ მას სამი ძალიან კარგი მეკარე ჰყავს: 1).დიეგო ალვეში - ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი პენალტის მომგერიებელი კიპერი, რომელმაც გასულ ტურში ორი პენალტი აუღო “ატლეტიკოს”. 2). მეტიუ რაიანი – ავსტრალიის ნაკრების მეკარე ძალიან მაღალი დონისაა და “მესტალიაზე” გადაბარგებამდე, ის ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ მიიჩნეოდა. 3). ხაუმე დომენეკი – ესპანელ მეკარეზე 1 წლის უკან არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ ალვეშის და რაიანის ტრავმა კარგად გამოიყენა და ჩინებული თამაშით ყველა აალაპარა. ალვეშის მსგავსად, პენალტების მოგერიება მასაც ეხერხება. ამჟამად, ხაუმე თადარიგშია, თუმცა სამომავლოდ მისი ძალიან ეიმედებათ, რისი დასტურიც რამდენიმე კვირის წინ 2022 წლამდე გაფორმებული ახალი კონტრაქტია.

დაცვის ცენტრში გარაი-მანგალას დუეტი უნდა იყოს ძირითადში, თუმცა პრანდელის ამ ამპლუაზე კიდევ ორი მოთამაშე ჰყავს: ადერლან სანტოსი და აიმენ აბდენური. განსაკუთრებით გამოსაყოფი ეს უკანასკნელია, რომელიც “მონაკოში” შესანიშნავი იყო, თუმცა ესპანეთში ადაპტაცია გაუჭირდა.

მარცხენა ფლანგზე ძირითადში ხოსე ლუის გაია იქნება, ხოლო მისი შემცვლელი გილერმე სიკეირაა. მარჯვნივ კი, სასტარტოში ადგილის მოსაპოვებლად მარტინ მონტოია და ჟოაო კანსელო იბრძოლებენ. პორტუგალიელი ფორმაში ვერ იყო, თუმცა ნაკრებში წარმატებულმა თამაშმა მასზე დადებითად უნდა იმოქმედოს და წესით პრანდელის ნდობა მალევე უნდა მოიპოვოს. თანაც, ჟოაოს რამდენიმე ამპლუაზე შეუძლიათ თამაში.

ნახევარდაცვის ცენტრში “ვალენსიას” წელს დიდი არჩევანი არ აქვს, რისი მიზეზიც ისევ სატრანსფერო პოლიტიკაა. კლუბმა აღნიშნული ამპლუის 3 მოთამაშე გაუშვა და მხოლოდ 2 დაიმატა. თანაც, ენცო პერესი ტრავმებისადმი საკმაოდ მიდრეკილია და წელსაც თუ ასე გაგრძელდა, “ღამურებს” ცენტრში ძალიან გაუჭირდებათ. ენცოს გარდა, ძირითადის მოთამაშეებად ითვლებიან დანიელ პარეხო და ალვარო მედრანი, ხოლო მარიო სუარესი უფრო სათადარიგოდ მოიაზრება.

მარცხენა ვინგერის პოზიციაზე ლუიშ ნანია, ხოლო მარჯვნივ როდრიგო მორენო. ცენტრ ფორვარდის ადგილზე კი, მუნირ ელ ჰადადი და სანტი მინა იბრძოლებენ. ვინგერის პოზიციებზე არ უნდა დავივიწყოთ, ზაქარია ბაკალი და ფედე კარტაბია. პირველი ცვლილებებზე რამდენჯერმე გამოჩნდა და საკმაოდ აქტიურადაც ერთობოდა, ხოლო კარტაბიას საერთოდ არ ენდობოდნენ და როგორც დაიწერა, პრანდელი აპირებს, რომ არგენტინელს შანსი მისცეს.

აღნიშნული მოთამაშეების გარდა, იტალიელს ახალგაზრდული აკადემიის იმედიც უნდა ჰქონდეს, რომელიც ტრადიციულად “ვალენსიას” ყოველთვის ძლიერი ჰყავს და თითქმის ყოველ სეზონში ახალი მოთამაშით ამარებს გუნდს. ბოლო წლებში “ღამურების” სკოლა ისეთმა მოთამაშეებმა გამოიარეს, როგორებიც არიან: რაულ ალბიოლი, ხორდი ალბა, დავიდ სილვა, ისკო, პაკო ალკასერი და ხუან ბერნატი, ხოლო ხაუმე დომენეკი და ხოსე ლუის გაია ძირითად გუნდში გამოდიან. ახლაც, “ვალენსიას” რამდენიმე საუკეთესო მოთამაშე ეზრდება და პრანდელი მათ აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას. ასეთები არიან: ლატო, კარლოს სოლერი, რაფა მირი და ფრან ვილალბა. განსაკუთრებით ნიჭიერი ეს უკანასკნელია, რომლითაც რამდენიმე ძლიერი კლუბი უკვე ინტერესდება.

ჩეზარეს პირველი გამოცდა კვირას ელის. მისი ახალი გუნდი “ელ მოლინონზე” ადგილობრივ “ხიხონს” დაუპირისპირდება, მომდევნო უიკენდზე კი, “მესტალიას” უკვე “ბარსელონა” ესტუმრება.

“ვალენსიას” მიმდინარე სეზონის შედეგები: 2 მოგება, 0 ფრე, 5 წაგება. მე-17 ადგილი, 9 გატანილი და 14 გაშვებული.

I ტური – ვალენსია 2:4 ლას პალმასი
II ტური – ეიბარი 1:0 ვალენსია
III ტური – ვალენსია 2:3 ბეტისი
IV ტური – ბილბაო 2:1 ვალენსია
V ტური – ვალენსია 2:1 ალავესი
VI ტური – ლეგანესი 1:2 ვალენსია
VII ტური - ვალენსია 0:2 ატლეტიკო

“ვალენსიას” სავარაუდო შემადგენლობა: ალვეში, გარაი, მანგალა, კანსელო, გაია, პერესი, მედრანი, პარეხო, ნანი, როდრიგო, მინა.

0.11378