ფეხბურთი

22:07 | 13.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: “ესპანეთში ცხოვრება და კარიერა ფაქტობრივად თავიდან დავიწყე”
“ირლანდია და უელსი მალე უნდა დავივიწყოთ და სხვა მატჩებში მოედანზე დაგეშილები გავიდეთ”

ოთარ კაკაბაძის თამაშმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ცალსახად დადებითი რეზიუმე ჰპოვა ირლანდიასთან და უელსთან მატჩებში. ახალგაზრდა განაპირმა მცველმა თავის მოვალეობას თავი მართლაც კარგად გაართვა და ახლა, ბევრი მიიჩნევს, რომ “ჯვაროსნების” მთავარი მარჯვენა მცველი სწორედ ის უნდა იყოს.

კაკაბაძეს დებიუტი შარშან, გიბრალტართან მატჩში კახა ცხადაძის დროს ჰქონდა, იმის მერე, ოთარი “დინამოდან” ტარაგონას “ხიმნასტიკში” გადავიდა, სადაც ფეხს დღითიდღე იკიდებს. ბოლო შეხვედრაში “რაიო ვალეკანოსთან” პენალტის შესრულებაც ანდო სამწვრთენლო შტაბმა...

WORLDPSORT.GE 21 წლის ფეხბურთელს ესპანეთში დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე ესაუბრა. როგორც კაკაბაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, კატალონიაში გადასვლის შემდგომ ცხოვრებისა და კარიერის დაწყება ფაქტობრივად თავიდან მოუწია.

საუბარი კი რა თქმა უნდა, სანაკრებო თემით დავიწყეთ – ოთარის თქმით, ფეხბურთელებმა ბოლო ორი მატჩი უნდა დაივიწყონ და ამიერიდან მოედანზე დაგეშილები გავიდნენ.

- როგორ შეაფასებდი საქართველოს ნაკრების ბოლო ორ თამაშს?

- ორ ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიწია დაპირისპირება და ვფიქრობ, ორივეს ვაჯობეთ. თუმცა, მთავარი ანგარიში და ქულებია... ძალიან სამწუხაროა, რომ 1 ქულა გვაქვს, არადა შეგვეძლო 4 ქულის აღება აღნიშნულ შეხვედრებში.

- უშუალოდ შენს თამაშზე რას ფიქრობ და რა ფაქტორმა ითამაშა ყველაზე დიდი გავლენა ასე დამაჯერებლად რომ გამოიყურებოდი?

- გულშემატკივრის შეფასებას ვგრძნობ და დიდი მადლობა მათ პირველ რიგში. ჩემს გამოსვლაზე ვიტყოდი, რომ ძალიან მოტივირებული, მონდომებული ვიყავი და ვიქნები ყოველთვის. ეროვნულ ნაკრებში თამაში სულ სხვა გრძნობაა.

- გამოჩნდა, რომ ბევრად მომატებული გაქვს. რამდენადაა ეს “ხიმნასტიკის” დამსახურება?

- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი მიუძღვის – ზაფხულში სერიოზული შეკრება გავიარე და ჩემპიონატში რამდენჯერმე უკვე ვითამაშე. ეს ყველაფერი ნაკრებში თამაშზეც მოქმედებს და ბევრად მომზადებული ჩადიხარ ეროვნულ გუნდში.

- როდესაც ახლა უშუალოდ ხედავ განსხვავებას, შენი აზრით, რატომ უჭირთ საქართველოს ჩემპიონატიდან ნაკრებში კარგად თამაში ფეხბურთელებს, გარდა იმისა, რომ დაბალი დონეა...

- იმიტომ, რომ ნაკრების თამაშებზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელებიდან ზოგი ლა ლიგაში თამაშობს, ზოგი პრემიერლიგაში, ზოგიც სერია ა-ში – სავსე სტადიონებზე და რაც მთავარია, თავისნაირ მეტოქეებთან. რა თქმა უნდა, მათთან თამაში პირდაპირ საქართველოს ჩემპიონატიდან რთული, თუმცა არმგონია, რომ შეუძლებელია...

- ოთო, ერთ შეცდომას თუ არ ჩავთვლით სტანდარტიდან, გარეტ ბეილის გაჩერება ნაკრებმა მოახერხა...

- ბეილი ყველამ ვიცით და ყოველ შაბათ-კვირას ვუყურებთ მაგის თამაშებს. ვიტყოდი, რომ მთლიანად გუნდმა შეძლო მისი გაჩერება თუ არ ჩავთვლით ერთ უზუსტობას, შეიძლება ითქვას, დავალება შევასრულეთ.

- ვლადიმირ ვაისმა რა გითხრათ თამაშამდე და თამაშის მერე?

- განსაკუთრებული არაფერი – განვიხილეთ თამაში და რაც მთავარია სწორი დავალებები მივიღეთ, გავედით მოედანზე მოსაგებად, ორივე თამაშზე. სამწუხაროა, რომ ვერცერთი მოვიგეთ, მითუფრო, რომ უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ ასეთი თამაში შედეგს მოიტანს, მთავარია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ესე გავაგრძელოთ.

- წინ მოლდოვასთან მატჩია. ჩვენი ნაკრების შემთხვევაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ძლიერ გუნდთან კარგი თამაშის მერე, სუსტთან წაუგია. თუნდაც ცოტა ხნის წინ, გერმანიის მერე, ტალინში მარცხი რომ გავიხსენოთ. ასე რომ აღარ მოხდეს რა არის საჭირო?

- კი, ხშირად ხდება ასეთი რამ ფეხბურთში და რომ არ მოხდეს, ყველამ ერთად ეს თამაშები უნდა დავივიწყოთ და დაგეშილები გავიდეთ მოედანზე.

- როგორ ფიქრობ, რა არის ნაკრების მაქსიმუმი მიმდინარე შესარჩევ ციკლში?

- არ ვიცი, ახლა ამის თქმა ძნელია. უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალური ქულების რაოდენობა დავაგროვოთ. მერე გამოჩნდება... ისე, მიზანი პირველი სამი ადგილიდან ერთ-ერთზე გასვლაა, ეს კარგი შედეგი იქნება.

- “ხიმნასტიკზეც” ვთქვათ: ნელ-ნელა ფეხს იკიდებ, ბოლო მატჩში პენალტის შესრულებაც განდეს...

- კი, ძალიან ბედნიერი ვარ, თამაში ახლახან მორჩა და ჯერ კიდევ ემოციებში ვიმყოფები (ინტერვიუ 12 ოქტომბერსაა ჩაწერილი - ავტ) დაძაბულ თამაშში გავიმარჯვეთ. პენალტს რაც შეეხება, ჩისკო მოვიდა და მკითხა, დავარტყამდი თუ არა, მე რა თქმა უნდა, დადებითი პასუხი გავეცი.

- თავიდან რატომ გაგიძნელდა ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდება?

- თავდაპირველად ენა არ ვიცოდი საერთოდ და ახალ გუნდში, მითუმეტეს ასეთ დონეზე თავის დამკვიდრება ადვილი არაა. საქართველოში რომ რაღაცას წარმოვადგენდი არაფერს ნიშნავდა – აქ ჩამოსვლის მერე ფაქტობრივად, ყველაფერი, ჩემი ცხოვრება და კარიერა თავიდან დაიწყო. თუმცა, გვერდში მყავდა ისეთი ხალხი, ვინც ძალიან დამეხმარა – გიორგი აბურჯანია და ჩისკო მუნიოსი.

- აბურჯანიას სახით მართლაც ჩინებული მაგალითი გყავს, გასული სეზონის საუკეთესო ლეგიონერობის კანდიდატია. ალბათ, ეს შენთვის დამატებითი სტიმული უნდა იყოს...

- დიდებული სეზონი ჰქონდა აბუს. ძალიან რთულია იმის გაკეთება, რაც მან შეძლო მოკლე პერიოდში და იმსახურებს საუკეთესოს წოდებას. ყველამ ერთად ხელი უნდა შევუწყოთ, საუკეთესო ლეგიონერს ხომ ხალხი ირჩევს...

- “ნასტიკი” შარშან ლა ლიგაში გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ამჟამად აუტსაიდერებშია. რატომ?

- პირველ რიგში, ჩემპიონატია ძალიან არაპროგნოზირებადი – ყველას ძლიერი გუნდი ჰყავს. მეორე ალბათ იმიტომ, რომ ლიდერებმა დატოვეს გუნდი, ემანამ, აბურჯანიამ და ნარანხომ. თუმცა, მალე გამოსწორდება სატურნირო ცხრილში ყველაფერი.

- და ბოლოს, რას ეტყოდი მოლდოვასთან მატჩის წინ, გულშემატკივრებს?

- სტადიონზე მოვიდნენ, გვერდში დაგვიდგნენ და აუცილებლად გავახარებთ.

0.116648