სხვა

16:00 | 12.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალია, ბელარუსი, შვეიცარია, საქართველო...

ვენაში გაიმართა ხელბურთში 2017 წლის ცხრამეტწლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა. საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან პორტუგალია, ბელარუსი და შვეიცარია. შეჯიბრება 17-19 მარტს გაიმართება ბელარუსში. ფინალურ ეტაპზე ამ ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებული გადის.

გვესაუბრება საქართველო ნაკრების მთვარი მწვრთნელი, გიორგი გვაზავა: - „ჩვენ უფრო იმ ჯგუფში გვსურდა მოხვედრა, სადაც ფინალის ორი საგზური გათამაშდება, მაგრამ პირველ-მეხუთე ჯგუფებში ფავორიტები ისე გადანაწილდნენ, რომ ვფიქრობ, ამ ჯგუფს არაუშავს. მეტოქეებიდან შვეიცარიას ჯერჯერობით არ ვიცნობ, მაგრამ, შედეგების მიხედვით, ეს გუნდი პორტუგალიასა და ბელარუსზე სუსტი უნდა იყოს. მინახავს პორტუგალიის გუნდის თამაში - სწრაფ და აგრესიულ ხელბურთს თამაშობენ, თუმცა, უკანა ხაზიდან შეტევა უჭირთ. ბელარუსში ორჯერ ვყოფილვართ ტურნეზე. ბოლოს, 2015 წლის იანვარში მათთან 29-33 წავაგეთ და ამ ნაკრებთანაც შეგვიძლია თანაბრად თამაში. საბოლოო ჯამში, ევროპული ხელბურთის ფავორიტებიდან არავინ შეგვხვედრია და ვფიქრობ, ასეთ ჯგუფში პირველობისა და ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის ბრძოლა შეგვიძლია“.

წილისყრისას, გათამაშდა შესარჩევი ტურნირების მასპინძლობის უფლება, რომელიც მიენიჭათ ჯგუფებში მეორე პოზიციაზე მყოფ ფედერაციებს. რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც ეს უფლება არ ჰქონდა, რადგანაც მათ 2015 წელს უკვე უმასპინძლეს ჩვიდმეტწლამდელთ ევროს შესარჩევებს. მეექვსე ჯგუფის მასპინძელი იქნება ბელარუსი, თუ მათ უარი თქვეს, შემდგომი პრიორიტეტი აქვს შვეიცარიას და შემდეგ - პორტუგალიას. საქართველოს ფედერაციას მხოლოდ სამივე მეტოქის უარის შემდეგ ექნება ტურნირის გამართვის უფლება.

ჩვენი სამი მეტოქიდან მხოლოდ პორტუგალიას უთამაშია 2015 წელს, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. შესარჩევში პორტუგალიამ სტუმრად დაამარცხა პოლონეთი, 31-28 და მოუგო იტალიასაც, 28-19. ფინალურ ეტაპზე გუნდმა პირველ ორ ჯგუფურ რაუნდში ყველა მატჩი წააგო (საფრანგეთი 24-35, ჰოლანდია 20-32, ხორვატია 27-28, სლოვაკეთი 24-27, ნორვეგია 24-25), ხოლო მეცამეტე ადგილისთვის პლეიოფში დაამარცხა ჩეხეთი - 27-22 და სლოვაკეთი 27-24.

შვეიცარია 2015 წლის შესარჩევ ტურნირში დამარცხდა საფრანგეთთან - 20-33, დანიასთან - 10-35 და მოუგო სერბეთს, 27-19. ბელარუსმა მოუგო ლატვიას, 34-31 და წააგო ხორვატიასთან, 26-36.

პორტუგალიასა და შვეიცარიასთან საქართველოს 1998-99 წლებში დაბადებულ გოგონათ ნაკრებს აქამდე არ უთამაშია, ბელარუს თანატოლებს კი რამდენჯერმე შეხვდა 2013, 2014 და 2015 წლებში. ბოლო ტურნეზე, 2015 წელს, ჩვენმა გუნდმა ბელარუსში ხუთიდან 2 მატჩი მოიგო, ნაკრებთან კი 29-33 დამარცხდა.

ცხრამეტწლამდლთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი გაიმართება ივლის-აგვისტოში, სლოვენიაში და მასპინძლები, ასევე დანია და რუსეთი, როგორც ჩვიდმეტწლამდელთა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ფინალისტი, იქ პირდაპირ არიან დაშვებული. დანარჩენ 13 საგზურს კვალიფიკაციაში გაითამაშებს 30 ქვეყანა.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2017, ქალები, 19

27 ივლისი - 5 აგვისტო. ცელიე, სლოვენია (უკვე ფინალში არიან დანია, რუსეთი, სლოვენია)

საკვალიფიკაციო ტურნირები, 17-19 მარტი, 2017

1 ჯგუფი (მაკედონიაში): უნგრეთი, მაკედონია, ფარერები, მოლდოვა

2 ჯგუფი (ესპანეთში): რუმინეთი, ესპანეთი, ლიტვა, ისლანდია

3 ჯგუფი (სლოვაკეთში): საფრანგეთი, სლოვაკეთი,მონტენეგრო, ბელგია

4 ჯგუფი (ჰოლანდიაში): ხორვატია, ჰოლანდია, ფინეთი, უკრაინა

5 ჯგუფი (ჩეხეთში): შვედეთი, ჩეხეთი, ავსტრია, სერბეთი

6 ჯგუფი (ბელარუსში): პორტუგალია, ბელარუსი, შვეიცარია, საქართველო

7 ჯგუფი (საბერძნეთში): ნორვეგია, საბერძნეთი, თურქეთი

8 ჯგუფი (ლატვიაში): გერმანია, პოლონეთი, ლატვია

ფინალურ ტურნირზე 1-5 ჯგუფიდან გადის 2-2 გუნდი, 6-8 ჯგუფებიდან - თითო

0.063181