2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა სამხრეთ ამერიკაში და 10 ტურის შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპს ბრაზილია ლიდერობს. "სელესაო" სტუმრად ვენესუელას ეწვია და ლიდერის ნეიმარის გარეშე 2:0 იმარჯვა. გოლები გაბრიელ ჟესუსმა და ვილიანმა გაიტანეს. 73-ე წუთზე ვენესუელის სტადიონზე ელექტროენერგიის პრობლემა შეიქმნა, თუმცა მასპინძლებმა ხარვეზი მალევე გამოასწორეს, გუსტავო დუდამელის შეგირდებმა კი მატჩი ვერ გადაარჩინეს. ბრაზილიას 21 ქულა დაუგროვდა და ურუგვაი უკან მოიტოვა. ვენესუელა კი ბოლო ადგილზეა.
ოსკარ ტაბარესის შეგირდებმა სტუმრად კოლუმბია ვერ დაამარცხეს. აბელ აგილარმა მასპინძლები მე-15 წუთზე დააწინაურა, მას კი კრისტიან როდრიგესმა 27-ე წუთზე უპასუხა. მეორე ნახევარში ლუის სუარესმა სუმრები დააწინაურა, თუმცა იერი მინამ კოლუმბიას ქულა მაინც მოუტანა. ურუგვაიმ ორი ქულა დაკარგა და ლიდერობა დათმო, კოლუმბია კი "ალბისელესტეს" წაფორხილებით მეოთხე ადგილზე დარჩა.
არგენტინის ეროვნული ნაკრები უკვე სამი თამაშია ლიონელ მესის გარეშე ასპარეზობს და ვერ იგებს. ვენესუელასთან და პერუსთან ფრედ დასრულებული შეხვედრების შემდეგ, ამჯერად "ალბისელესტე" საკუთარი გულშემატკივრების წინაშე შერცხვა და პარაგვაისთან 0:1 წააგო. მასპინძლები მე-18 წუთზე შეტევაში გაერთნენ, დერლის გონსალესმა კი კონტრშეტევაზე ზუსტად ითამაშა. სერხიო აგუეროს პენატით შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მეკარემ აუღო. პარაგვაი ამ გამარჯვებით მეხუთეადგილოსან არგენტინას (16ქ) წამოეწია და ერთი ქულით ჩამორჩება.
პერუმ ჩილეს სტუმრად წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა არტურო ვიდალმა გუნდს ულიდერა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. "ბაიერნის" ფეხბურთელმა პირველ ნახევარში მაურისიო ისლას გადაცემით მასპინძლები დააწინაურა. სტუმრებმა 76-ე წუთზე გაიტანეს და ფრეზე თამაში დაიწყეს. ვიდალმა კი ლიდერის თვისებები ამ დროს გამოაჩინა და 85-ე წუთზე კვლავ ისლას გადაცემით ისარგებლა. ჩილე არგენინას ორი ქულით ჩამორჩება.
ბოლივიასთან შეხვედრაში ეკვადორი ფავორიტი გახლდათ, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ უკვე ქულის გადარჩენა ჰქონდა მიზნად. საწყის 45 წუთში პაბლო ესკობარმა დუბლი შეასრულა და გულშემატკივრები მოგებას ელოდნენ, თუმცა ენერ ვალენსიამაც დუბლი მიითვალა ეკვადორი მესამე ადგილზე დატოვა.
11 ნოემბერს სამხრეთ ამერიკაში მნიშვნელოვანი მატჩები გაიმართება. ბრაზილია არგენტინის ეროვნულ გუნდს მიიღებს და "ალბისელესტე" თუ კვალავ ლიონელ მესის გარეშე ითამაშებს, ბევრი პრობლემა შეექმნება. ჩილეს შანსი ექნება კოლუმბია სტუმრად დაამარცხოს და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა გააგრძელოს. ურუგვაი ეკვადორს მიიღებს, პარაგვაი - პერუს, ხოლო ბოლოადგილოსნები ვენესუელა და ბოლივია მატურინში გაარკვევენ ურთიერთობას.
არგენტინა - პარაგვაი 0:1 (VIDEO)
ვენესუელა - ბრაზილია 0:2 (VIDEO)
კოლუმბია - ურუგვაი 2:2 (VIDEO)
ჩილე - პერუ 2:1 (VIDEO)
ბოლივია - ეკვადორი 2:2 (VIDEO)
1. | ბრაზილია | 10 | 6 | 3 | 1 | 23:9 | 21 | |
2. | ურუგვაი | 10 | 6 | 2 | 2 | 21:7 | 20 | |
3. | ეკვადორი | 10 | 5 | 2 | 3 | 18:14 | 17 | |
4. | კოლუმბია | 10 | 5 | 2 | 3 | 15:12 | 17 | |
5. | არგენტინა | 10 | 4 | 4 | 2 | 11:9 | 16 | |
6. | პარაგვაი | 10 | 4 | 3 | 3 | 10:12 | 15 | |
7. | ჩილე | 10 | 4 | 2 | 4 | 15:16 | 14 | |
8. | პერუ | 10 | 2 | 2 | 6 | 11:19 | 8 | |
9. | ბოლივია | 10 | 2 | 2 | 6 | 11:20 | 8 | |
10. | ვენესუელა | 10 | 0 | 2 | 8 | 9:26 | 2 |