ფეხბურთი

10:27 | 12.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი დევდარიანი: "ექვსთვიან გუნდებს "ლოკომოტივის" ჭაბუკებში მუშაობა მირჩევნია"
ეროვნულ ნაკრებზე, ცალკეულ ფეხბურთელებზე, "ლოკომოტივზე", საერთო პრობლემებზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩები, ცალკეული ფეხბურთელების შეფასება, თბილისის "ლოკომოტივის" ახალგაზრდები, ასაკობრივ ჩემპიონატებში პრობლემები - ამის შესახებ გიორგი დევდარიანს ვესაუბრეთ. 44 წლის სპეციალისტი წლის დასაწყისიდან "ლოკომოტივის" 19-წლამდელთა გუნდს წვრთნის.

worldsport.ge-მ დევდარიანთან საუბარი ეროვნული ნაკრების თემით დაიწყო: ირლანდიასთან და უელსთან მატჩებში ექვსი შესაძლებლიდან მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ, თუმცა თამაშის ხარისხმა იმედი ჩაგვისახა და აღარ დავიჩივლებთ ბევრ გამოუყენებელ მომენტზე, უიღბლობაზე...

გიორგი დევდარიანი: - თამაშის ხარისხი მომეწონა, ნაკრების მოქმედებაში კარგი სიახლეები იყო. რაც დავინახე, ვლადიმირ ვაისის ჩატარებული სამუშაო გამოჩნდა და ისიც ჩანს, რომ მწვვთნელი ჯერ კიდევ ცდილობს ახალ-ახალ ვარიანტებს. ფეხბურთელები, რომლებსაც ადრე პერსპექტიულებს ვეძახდით, ახლა უკვე გაიზარდნენ და შედეგი მოეთხოვებათ. მათზე უკვე მეტი პასუხისმგებლობაა და ეტყობათ, რომ ეს გათავისებული აქვთ. ამ შემთხვევაში ვამბობ ოქრიაშვილი-ანანიძე-ყაზაიშვილის სამეულზე.

- სამივე მატჩში ჩანდა, რომ ნაკრები ან პირველ ტაიმს თამაშობს ძლიერად, ან მეორეს. რისი ბრალია, რომ სტაბილურად კარგად 90 წუთის თამაში ვერ ხერხდება?

- კლუბში სათამაშო პრაქტიკა ყველა ფეხბურთელს რომ ჰქონდეს, ეს პრობლემა არ იქნებოდა. ცუდია, რომ საგოლე მომენტების გამოყენება ძალიან გვიჭირს, რაც უიღბლობაზე მეტად, დაბალი საშემსრულებლო კლასის ბრალი მგონია.

- ირლანდიის მწვრთნელმა მარტინ ონილმაც თქვა, საქართველოს გამტანი თავდამსხმელი არ ჰყავსო. ლევან მჭედლიძეს, როგორც ფეხბურთელს, როგორ დაახასიათებდით?

- ბრწყინვალე პიროვნებაა, მონდომებულია და ბოლომდე იხარჯება, მაგრამ თავდამსხმელი გოლით ფასობს.

- ვაკო გვილია ნაკრების აღმოჩენად უნდა ჩაითვალოს.

- მსუბუქი, მოძრავი და კრეატიული ფეხბურთელია. იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელიც ბევრს დარბის, თამაშს მშვენივრად კითხულობს და ტექნიკურია. ამ ორ მატჩში გვილიამ თავისი მოქმედებებით ამოასუნთქა თანაგუნდელები, შეტევებსაც თითქმის სულ ის იწყებდა. გვილიას გარდა ასევე არიან კარგი ახალგაზრდები, რომლებსაც ნაკრებში ბევრი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებიათ. მაგალითად, სხირტლაძე.

- გიორგი ჭანტურია ამჯერად ნაკრებში არ იყო გამოძახებული. მას კარგად იცნობთ და რა უშლის ხელს, რომ უკეთესი ფეხბურთელი გახდეს?

- გუნდურობა აკლია. სჯობს, ჭანტურიამ მინდორზე აკეთოს ის, რასაც ვაისი ითხოვს და არა ის, რაც თვითონ უნდა. გიორგის შესაძლებლობები რომ ვიცი, იმიტომ ვამბობ: მას შეუძლია, ნაკრების შეტევების ლიდერი გახდეს.

- პირადად თქვენზე და "ლოკომოტივზე": თითქმის ერთი წელია, რაც "ლოკოს" 19-წლამდელებს წვრთნით და რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდით, რამდენად გაქვთ წლეულს ჩემპიონობის შანსი? ("ლოკომოტივის" 19-წლამდელები აღმოსავლეთ ჯგუფში მესამეზე არიან, "დინამოსა" და "საბურთალოს" ჩამორჩებიან).

- შანსი ნამდვილად გვაქვს. იოლი არ იქნება, მაგრამ იმედი მაქვს.

- "ლოკომოტივის" 19-წლამდელებში თუ არიან ისეთი ტალანტები, როგორებიც ამ ასაკში იყვნენ ჭანტურია, ზარანდია, ყაზაიშვილი...?

- არიან, მაგრამ გვარებს არ დავასახელებ. არ არის საჭირო, რადგან დრო მოვა და კარგ ფეხბურთს ითამაშებენ.

- ბევრი კლუბის ბაზა გექნებათ ნანახი და "ლოკომოტივის" ინფრასტრუქტურა (ბაზა საგურამოში) ევროპის საშუალო დონეს აკმაყოფილებს?

- ბევრ საშუალო დონის კლუბს არ აქვს ასეთი ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესებიც მინახავს და გრანდებისას ნამდვილად ვერ შეედრება "ლოკომოტივის" ბაზა, მაგრამ საშუალო დონეს ნამდვილად აკმაყოფილებს. როგორც იცით, სამი სტანდარტული მოედანია და აქედან ორი - ბუნებრივი. მითხრეს, რომ სამუშაოები იგეგმება და მოედნები დაემატება. კიდევ ერთი დადებითი, რაც "ლოკომოტივის" ბაზას აქვს, საგურამოს ბუნება და სუფთა ჰაერია. ბევრს ნიშნავს, როცა ბავშვი თუ ჭაბუკი თბილისის მანქანების გამონაბოლქვს თუნდაც ორი საათით მოსცილდება.

- ასაკობრივ ჩემპიონატს კარგად იცნობთ და აშკარაა, რომ რაიონის გუნდები ძალიან მოისუსტებენ, გუნდებს შორის დიდი სხვაობაა სათამაშო დონის მხრივ.

- სამი კლუბი გამოირჩევა: "დინამო", "საბურთალო" და "ლოკომოტივი". რა უნდა ისწავლო თამაშში, რომელშიც მეტოქე წინააღმდეგობას ვერ გიწევს?! ფაქტობრივად, სეზონში 4 კარგი თამაში უწევთ ჭაბუკებს, სადაც დაძაბულობა და ბრძოლაა. შემდეგ გადიან უცხოეთში, იქ კი წინააღმდეგობას რომ აწყდებიან, ეუცხოვებათ და ვერ უძლებენ. თბილისის "დინამოს" 19-წლამდელებმა "ქაირათის" თანატოლებთან შინ 0:3 წააგეს. ანგარიშის ხსენებაც კი მრცხვენია, მაგრამ მესმის დინამოელთა მწვრთნელ ლევან გვანცელაძისა. შეიძლებოდა, მეც იგივე დამმართნოდა. აი, გავდივართ რეგიონებში და ვხედავ, არც ინფრასტრუქტურაა, მწვრთნელსაც ფინანსური მოტივაცია არ აქვს და შესაბამისად, ჭაბუკი ან ბავშვი მიდის თბილისის გუნდში. როგორც ხედავთ, ასაკობრივ ნაკრებებსაც აღარ აქვთ ის შედეგი, ადრე უკეთესად თამაშობდნენ ჩვენი 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები. არც ადრე იყო კარგი სიტუაცია ასაკობრივ ჩემპიონატებში, მაგრამ ნაკრებებში მაინც ვაგროვებდით იმდენ ფეხბურთელს, რომ კონკურენტუარიანი გუნდი ყოფილიყო ნებისმიერი ევროპული გუნდისთვის.

- შემოთავაზება თუ გქონიათ რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში მუშაობაზე? ან უმაღლესი ლიგის კლუბიდან...

- ადრე მქონდა, წლის დასაწისში და ვერ შევთანხმდით. მას მერე აღარ. ალბათ გაინტერესებთ, დავთანხმდებოდი თუ არა? პირველად ფედერაციაში ნოდარ ახალკაცის პრეზიდენტობის დროს ჩავიბარე 17-წლამდელთა ნაკრები. სხვათა შორის, ახალკაცთან დაპირისპირებულ მხარედ ვითვლებოდი, გიორგი ნემსაძე ჩემი მეგობარი იყო. და მაინც, საქმეზე შევთანხმდით და ასაკობრივ ნაკრებში ვიმუშავე, კარგი 17-წლამდელთა ნაკრებიც მყავდა, სადაც იყვნენ გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, დავით ხოჭოლავა, დავით სხირტლაძე და სხვები. შემდეგ, ზვიად სიჭინავასთანაც არ მქონია შეხმატკბილებული ურთიერთობა, მაგრამ საერთო საქმისთვის საჭირო იყო და კარგა ხანს ვიმუშავე ფედერაციის მაშინდელი ხელმძღვანელობის დროსაც. ყველაზე კარგი შედეგები სწორედ მაშინ იყო ასაკობრივ ნაკრებებში, როცა მე, გია ცეცაძე და ვასილ მაისურაძე ვიყავით. ახლანდელ ფედერაციაში კი ვინაა უცხო? ვიცნობ ყველას და თუ შემოთავაზება იქნებოდა, ასაკობრივ ნაკრებს ჩავიბარებდი, ზოგიერთზე უკეთაც გავაკეთებდი საქმეს. მე პიროვნულად არავის ვუპირისპირდები. საერთო საქმეს როგორც სჭირდება, ისე უნდა გაკეთდეს ყველაფერი. უმაღლესი ლიგის გუნდს გავწვრთნიდი თუ არა? სურვილი მაქვს, მაგრამ "დინამოსა" და "ლოკომოტივის" გარდა, არცერთ ქართულ კლუბს არ აქვს ნორმალური ინფრასტრუქტურა. ამ ორს კი ჰყავს მთავარი მწვრთნელი და ხომ არ ვეტყვი, ჩაიჩოჩე, მე უნდა გავწვრთნა-მეთქი. რთულია, ცუდ პირობებში აჩვენო ის შედეგი, რასაც ითხოვს ხელმძღვანელობა. არის ექვსთვიანი ან ერთწლიანი კლუბები, იქ გადასვლას კი "ლოკომოტივის" ახალგაზრდებთან მუშაობა მირჩევნია.

0.114236