ავტოსპორტი

1:14 | 12.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ზაუბერი“ მომავალ სეზონშიც „ფერარის“ ძრავებს გამოიყენებს

იაპონიის დიდი პრიზის დღეებში, „ზაუბერმა“ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზნშიც „ფერარის“ ძრავებს გამოიყენებს. ოღონდ, იმ სპეციფიკაციის აგრეგატებს მიიღებს, რომლებსაც მარანელოელები ამ სეზონში იყენებენ. იმავდროულად, შვეიცარიული საჯინიბო აქცენტს უკეთესი შასის შემუშავებაზე გადაიტანს.

„ზაუბერისთვის“ ეს სეზონი არნახულად რთულია. ფინანსური პრობლემების გამო, გუნდმა ვერ შეძლო საკუთარი ბოლიდის სრულყოფა. ამის გამო, ჯერჯერობით ქულაც არ აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული, უკვე 19 რბოლაა, „ზაუბერის“ პილოტებს ერთი ქულაც ვერ აუღიათ. მაგრამ გუნდმა შეძლო სპონსორის მოზიდვა, რაც მას მომავალი სეზონისთვის ოპტიმისტურად განაწყობს.

„მომავალ სეზონში, „ფერარის“ ამ სეზონის ბოლო სპეციფიკაციის აგრეგატს გამოვიყენებთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის მიღებული გვაქვს. იმ დროს, ახალი რეგლამენტი ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ იყო. ჩვენი გადაწყვეტილება სტრატეგიულია. ჩვენ გვსურს, რომ საკუთარი რესურსები შასის განვითარებისთვის გამოვიყენოთ“, - ამბობს „ზაუბერის“ შეფი მონიშა კალტენბორნი.

ამგვარად, მომავალ სეზონში „ფერარის“ ახალ აგრეგატებს მხოლოდ ორი გუნდი - „ფერარი“ და ამერიკული „ჰაასი“ გამოიყენებს. „ტორო როსო“ კი, რომელიც ამ სეზონში მარანელოელთა გასული სეზონის სპეციფიკაციის აგრეგატებით ასპარეზობს, ისევ „რენოს“ დაუბრუნდება.

კალტენბორნი ასევე ამბობს, რომ „ზაუბერი“ ფინანსურად უზრუნველყოფილია და უკვე დაწყებული აქვს მომავალი სეზონისთვის სარბოლო ავტომობილის მზადება.

0.095825