საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბორისოვის "ბატეს" ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ თავის ფეისბუქგვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ დღეებში მას მხარში ედგა. ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, მას საქართველოს ნაკრებში თამაშით ოცნება აუსრულდა და მისთვის დიდი პატივია ეროვნული გუნდის ღირსებას დაცვა.
"ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის და კეთილი სიტყვებისთვის. ეს იყო ბავშვობის ოცნება, რის მისაღწევად მე ყველაფერს ვაკეთებდი - ჩემთვის დიდი ღირსება და პატივია საქართველოს დროშის წარდგენა და დაცვა მსოფლიო მასშტაბით. უფალს დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ყოველმა ჩვენთაგანმა ამ შესაძლებლობისთვის. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ თუ ყველანი გავერთიანდებით, წინ დიდი წარმატებები გველის", - დაწერა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, გვილიას დებიუტი ირლანდიასთანა მატჩში ჰქონდა, მერე კი უელსის წინააღმდეგაც ითამაშა. გვილია აღნიშნულ შეხვედრებში ჩინებულად გაისარჯა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. შესაბამისად, მასზე სპეციალისტები და გულშემატკივრები დიდ იმედს ამყარებენ.