ფეხბურთი

17:37 | 10.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რევიშვილი “დინამოს” კარს დაიცავს

როგორც დააანონსებული იყო, დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილმა “დინამო” თბილისთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. 29 წლის კიპერი “დინამოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდში მიმდინარე წლის ბოლომდე დარჩება. ხელშეკრულების გახანგრძლივება კი, ორივე მხარის სურვილზე იქნება დამოკიდებული. ნუკრი დედაქალაქურ გუნდში პირველ ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ მოვხვდი “დინამოში”, საქართველოს საუკეთესო გუნდში – ჩვენი თანამშრომლობა ჯერჯერობით სამთვიანია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება და ტიტულებს მოვიგებ ამ გუნდში. არმგონია, რომ ადაპტაციის გავლა გამიჭირდეს, რადგან ნახევარ გუნდს კარგად ვიცნობ.

“დინამოს” მიზანი ყოველთვის ჩემპიონობაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. სეზონი დეკემბერში მთავრდება და მერე ვნახოთ რა მოხდება”, - განაცხადა პრესსამსახურთან საუბრისას რევიშვილმა.

ნუკრის აქამდე საქართველოში მხოლოდ ქუთაისის “ტორპედოსა” და გორის “დილაში” უთამაშია. სწორედ ამ უკანასკნელში ვარჯიშობდა იგი ბოლო რამდენიმე კვირა, მაგრამ საბოლოოდ “დინამოში” გადავიდა. რაც შეეხება რევიშვილის უცხოურ კარიერას – “რუბინში”, “ანჟიში”, “კრასნოდარში”, “ვალეტაში”, “ტოსნოსა” და “მორდოვიაში” უთამაშია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსება კი, 29 შეხვედრაში დაუცავს.

0.101387