საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უელსთან წაუგებელი სერია შეინარჩუნა – მიუხედავად იმისა, რომ “დრაკონები” ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ფურორით გამოვიდნენ, ჩვენ მაინც ვერაფერს გვაკლებენ. ეგ კი არა, კრის კოულმენმა თქვა, ქულები არ დაგვიკარგავს, მოვიპოვეთო.
ასე იყო – საქართველოს ნაკრებმა ძლიერი მეტოქე დაჯაბნა და რომ არა მორიგი უიღბლობა, სამ ქულას მოიპოვებდა. თუმცა, ფაქტია იღბალი აშკარად აკლია ჩვენს გუნდს. უელსთან ამ კონკრეტულ თამაშში კი ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე იყო საქართველოს ნაკრების მხრიდან, ბოლომდე დაიხარჯა და ბევრმა მათგანმა დიდებულადაც ითამაშა.
WORLDSPORT.GE ტრადიციულად წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა შეფასებებს თამაშის შემდეგ. მივყვეთ თანმიმდევრობით:
გიორგი ლორია 6.5 – რაც უნდა გასაკვირი იყოს, ლორიას მაინცდამაინც ბევრი საქმე არ ჰქონია. ყოველ შემთხვევაში იმდენი, რამდენსაც ბევრი ელოდა. მთლიანობაში დამაჯერებლად ითამაშა. გოლის დროს ვერ დავადანაშაულებთ, მეორე ტაიმში კი, რობსონ კანუს რთული ბურთი აუღო.
ოთარ კაკაბაძე 7 – კაკაბაძე იმაზე უკეთესი იყო კარდიფში, ვიდრე დუბლინში. მოკლედ, ამ პოზიციაზე ამიერიდან წესით სწორედ ის უნდა მოვიაზროთ მთავარ კანდიდატად. ერთ ეპიზოდში შეტევისთვის აქტიურად მოიცალა და კარში დარტყმა სცადა, როდესაც ვაკო ყაზაიშვილის ხარიხაზე მორტყმულ ბურთს ამატებდა, მაგრამ არ გამოუვიდა – ისე, “ხიმნასტიკში” გადასვლა აშკარად დასტყობია.
საბა კვერკველია 7 – გოლის ეპიზოდში გარეტ ბეილმა მას დაასწრო, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იმ ეპიზოდში საბა უელსელ შემტევს არ იყვანდა, უბრალოდ თანაგუნდელის დაზღვევა მოუწია და ვერ მოასწრო. სხვა მხრივ, მეტოქეებისთვის გასაქანი არ მიუცია და ძალიან კარგად იყენებდა თავის მთავარ პლიუსს – ვარდნებს.
გურამ კაშია 7 – კაპიტანი დამაჯერებელი იყო. გაუვალი კედელივით იდგა. ერთ ეპიზოდში რობსონ კანუ თითქოს გაექცა, მაგრამ ბურთი მაინც შეეხო და შესაძლოა, სწორედ ამიტომ არ გავიდა კარში – ლორია დაეუფლა.
გიორგი ნავალოვსკი 7 – არც მას დაეწუნებოდა რამე. საერთოდ, ბოლო ორმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ ჩვენი განაპირა მცველები აღარ ერიდებიან შეტევაში ჩართვას და ცდილობენ ისე ითამაშონ, როგორც ამას თანამედროვე ფეხბურთი მოითხოვს. ნავალოვსკიც ამ კომპონენტში გუშინ საკმაოდ კარგი იყო.
ბუბა დაუშვილი 7 – მორიგი დამაჯერებელი მატჩი მისი შესრულებით. თუ ასე გააგრძელებს ძალიან კარგი იქნება. დაუშვილმა ერთ ეპიზოდში გარეტ ბეილს ბურთი წაართვა და ჩვენი სწრაფი კონტრშეტევა დაიწყო, რომელიც ლამის გოლით დასრულდა: ლევან მჭედლიძემ მეკარესთან პირისპირ ვერ ივარგა.
ვალერიან გვილია 7.5 – უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი სახით ძალიან კარგი შევსება მიიღო მთავარმა ნაკრებმა. გვილია დაცვასაც პროდუქტიულად ეხმარებოდა და შეტევებსაც იწყებდა. სწორედ მან წამოიწყო საგოლე შეტევა – ორჯერ თავადაც შეეძლო გატანა დაახლოებით ერთი პოზიციიდან. ჟერ მეკარემ აჯობა, მერე მცირე მანძილით ააცილა.
თორნიკე ოქრიაშვილი 9 – მოედანზე საუკეთესო იყო – არამხოლოდ იმიტომ, რომ გოლი გაიტანა. პასიური პირველი ტაიმის შემდეგ, ოქრი სრულიად გარდაიქმნა და უელსელები მას ვერაფრით აჩერებდნენ. გოლის მომენტში ჩინებულად გაიხსნა და შეასრულა. გარდა ამისა, მისი რამდენიმე მწვავე გადაცემის შედეგად მეტოქის კართან ხიფათი შეიქმნა. საერთოდ, ოქრიაშვილის ბურთთან შეხებას ყოველთვის მოჰყვებოდა საინტერესო გაგრძელება.
ჯანო ანანიძე 7 – ჯანო ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ეს დუბლინში იყო. პირველ ნახევარში ყველაზე რეალური მომენტი სწორედ მას ჰქონდა – ჯარიმა ხარიხას მოარტყა. საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა და არაერთხელ გაამწვავა ქართველთა იერიშები.
ვაკო ყაზაიშვილი 8 – ცუდი პირველი ტაიმის მერე, ოქრიაშვილის არ იყოს, მეორე ნახევარში საოცრად ითამაშა. ევროდონის საგოლე გადაცემა გააკეთა – ბურთს კარგად აკონტროლებდა და გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ხარიხა ისევ წინ გადაეღობა.
ლევან მჭედლიძე 6 – ალბათ, დიდხანს გვემახსოვრება ის ეპიზოდი, როდესაც ოქრიაშვილის ლამაზი პასის მერე ლევანი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ვერ გაიტანა. ამის გამო მან სოციალური ქსელით ბოდიშიც მოიხადა. თუმცა, მჭედლიძეს სულაც არ ჰქონია კატასტროფული შეხვედრა. ტრადიციულად, ბევრი იბრძოლა მეორე სართულზე და პირველ ტაიმში სახეში ორჯერ მიიღო სერიოზული დარტყმა.
ვლადიმერ დვალიშვილი 6 – დვალიშვილმა ბოლო 15 წუთი ითამაშა და ურიგოდ არ გამოიყურებოდა. ბურთის მიღებას და შენარჩუნებას ახერხებდა მეტოქის ნახევარზე. ერთ ეპიზოდში უელსელ მცველებს აჯობა და კარშიც დააპირა დარტყმა, მაგრამ სამი მცველის გარემოცვაში მყოფს ბოლო მომენტში დაუფარეს.
ჯაბა ჯიღაური შ.გ – ჯაბამ მხოლოდ 2 წუთი ითამაშა და ბუნებრივია, ბევრი ვერაფრის გაკეთება მოასწრო.
ნიკა კაჭარავა შ.გ – იგივე სათამაშო დრო დაეთმო ნიკა კაჭარავასაც.
ვლადიმირ ვაისი 8 – ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებში უკვე 7 მატჩი დაუგროვდა და მხოლოდ ერთი გამარჯვებაა მის ანგარიშზე, მაგრამ ნაკრებს თამაშიდან თამაშამდე ეტყობა პროგრესი, რაც მწვრთნელის დამსახურებაა. თქვენი არ ვიცი, ჩემი აზრით, “ჯვაროსნების” თამაშში უკვე იგრძნობა ევროპული მანერა – აღარაა ბურთის მოშორება და აუტში უბრალოდ გადაგდებები. პირიქით, ვცდილობთ, რაც შეიძლება დიდხანს გვეჭიროს ბურთი და შეტევაში დაცვიდან გადავდივართ მოკლე პასებით. კარგი იქნება თუ სლოვაკს დრო მიეცემა – როგორც მან თქვა, პოტენციალს ხედავს, რადგან ნაკრების ბირთვი 23-24 წლის ფეხბურთელებითაა დაკოპლექტებული – მართალსაც ამბობს.