ფეხბურთი

2:27 | 10.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "გულდასაწყვეტია, რომ ვერ მოვიგეთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უელსთან (1:1) შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ გულდაწყვეტილია, რადგან მის გუნდს მოგებაც შეეძლო.

როგორც სლოვაკი სპეციალისტი ამბობს, ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევაა, რადგან საქართველოს ნაკრებს ქულების მოპოვება ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია.

“თამაშის დაწყებამდე ერთ ქულას სიამოვნებით დავთანხმდებოდი, მაგრამ ახლა, თამაშის შემდეგ მხოლოდ ჩვენს კარგ თამაშზე და კარგ შეტევაზე ვფიქრობ – გულდაწყვეტილები ვართ. თავიდან ცუდად დავიწყეთ, თითქოს მეტოქის ზედმეტი პატივისცემა გვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმი იყო ძალიან კარგი.

ჯგუფიდან გასვლის შანსი ისევ გვაქვს, რადგან ქულების მოპოვება შეგვიძლია, განსაკუთრებით სახლის შეხვედრებში უნდა დავაგროვოთ მაქსიმუმი.

დიახ, მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს და ეს ბევრი არაა, მაგრამ ვთამაშობთ კარგ, გამართულ ფეხბურთს და გუნდში გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 23-24 წელია”, - თქვა ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 12 ნოემბერს, თბილისში, მოლდოვასთან გამართავს.

0.116289