ფეხბურთი

23:09 | 9.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ისევ ხარიხები: ერთი ქულა სამის ნაცვლად

განვლილ ორ მატჩს თუ შევაფასებთ, გაორებული გრძნობა დაგვრჩება: საცოდაობაა, რომ ექვსი შესაძლებლიდან მხოლოდ ერთი ქულით ავიღეთ, მაგრამ მეორეს მხრივ, ყველამ დავინახეთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამართული ფეხბურთის თამაში შეუძლია.

იღბალი ბევრს ნიშნავს ფეხბურთში და ჯერ ირლანდიაში, მერე კი უელსში მიგვატოვა. ორივე თამაშში ორ-ორი ძელი ნამეტანია... თუმცა კრიტიკულები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ მომენტების რეალიზაციის დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ უიღბლობის კი არა, შედარებით დაბალი საშემსრულებლო კლასის ბრალი უფრო არის.

ვლადიმირ ვაისმა იგივე ძირითადი თერთმეტეული დააყენა, როგორიც ირლანდიაში ჰყავდა. ოღონდ, ვაკო ყაზაიშვილსა და ჯანო ანანიძეს შეუცვალა ადგილები და ისიც, პირველ ტაიმში, თორემ შემდეგ ვაკო ისევ მარცხნივ გადასწია და ჯანო - ცენტრში.

დასაწყისი და საერთოდ პირველი ტაიმიც უელსელებისა იყო. ჩვენები მასპინძელთა სწრაფ ტემპსა და მაღალორგანიზებულ პრესინგს ვერ უძლებდნენ. ქარივით დაჰქროდა გარეთ ბეილი, მასზე იყო აწყობილი თამაში და გოლიც მან გაგვიტანა - კუთხური ჩააწოდეს და თავურით შანსი არ დაუტოვა გიორგი ლორიას.

ჩვენი ნახევარმცველები მეტწილად მეტოქის კარიდან ზურგით მდგომნი იღებდნენ ბურთს, წინ წაწევა უჭირდათ. ერთი მომენტი შეგვექმნა და ისიც, სტანდარტულიდან: ვაკო გვილიამ საჯარიმოს უფლება მოიპოვა, ანანიძის დარტყმული კი ხარიხას მოხვდა.

უჭირდა დაცვას, მაგრამ მაინც უძლებდ და მთლიანობაში, ოთხივე მცველმა, პლუს, მეკარე გიორგი ლორიამაც კარგი მატჩი ჩაატარეს.

შეძლებდა უელსი მეორე ნახევარშიც ასეთი ტემპით თამაშს და ჩვენების ასე შებოჭვას? ისინიც ადამიანები არიან და აკი, ვერც შესძლეს. ვერ ვიტყვით, რომ თავიდანვე აქტიურად შევუტიეთ, მაგრამ თორნიკე ოქრიაშვილის გოლმა საქართველოს ნაკრებს ფრთები შეასხა. ოქრიაშვილმა თავით გაიტანა ვაკო ყაზაიშვილის კარგი ჩაწოდების შემდეგ - 1:1. ეს თორნიკეს მერვე სანაკრებო გოლია და აქედან, წლეულს მესამე.

ფსიქოლოგიური უპირატესობა მოოპოვა ვაისის გუნდმა. ირწმუნა, რომ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტებთანაც შეიძლება წარმატებით თამაში, შეტევაზე გადასვლა და მოგებაზე ფიქრი. კარგი იყო ნახევარდაცვის ცენტრი ბუბა დაუშვილისა და ვაკო გვილიას სახით - დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულეს.

პირველ ტაიმში ინერტული ოქრიაშვილი გატანილი გოლის შემდეგ აქტიურად ათამაშდა, ანანიძემაც არაერთხელ გაჭრა უელსელთა ნახევარდაცვა და ყაზაიშვილმაც ერთი-ორჯერ დაჩაგრა თავისი მეურვე. სანახაობრივი თამაში ვიხილეთ და როგორ არ გავიდა გოლი ჰენესის კარში, საოცარია.

ჯერ ანანიძის დარტყმული ძლივს მოიგერია მეკარემ, მერე ყაზაიშვილს ჰქონდა შანსი და ააცილა, თუმცა ეს რა მოსატანია ლევან მჭედლიძის მომენტთან: "ემპოლის" ფორვარდმა ოქრიაშვილის პასის შემდეგ ერთი-ერთზე გასულმა კარს ააცილა. ეჰ, მჭედლიძეს გოლის გატანა სულ უჭირს. აწუხებს მცველებს, სივრცეს უთავისუფლებს ჩვენს შემტევებს, მაგრამ ვრა და ვერ ჩამოყალიბდა გამტან ფორვარდად.

კიდევ იყო შესანიშნავი მომენტი, ყაზაიშვილი შევიდა მარცხნიდან საჯარიმოში, ძლიერად დაარტყა და უელსელები ისევ ხარიხამ იხსნა. თავის მხრივ, ბეილის აცილებულისაჯარიმო და რობსონ-კანუს ახლოდან დარტყმულიც უნდა გავიხსენოთ - უელსელებიც არ იყვნენ უქმად, თუმცა თუ რომელიმე ნაკრებს უნდა მოეგო კარდიფში, ეს საქართველო უნდა ყოფილიყო.

ნაკრებს ეტყობა საზრიანობა, სათამაშო დისციპლინა და შეტევებისკენ სწრაფვა. შეთამაშების მხრივაც ნაკლებადაა წუნი და ამ ყვეალფერში დიდია ვაისის წვლილი. სლოვაკმა მწვრთნელმა ტაქტიკურად მშვენივრად მოამზადა გუნდი.

აი, რაშიც ყველაზე მეტად გვიჭირს, ორი ტაიმის სტაბილურად კარგად ჩატარება არ შეგვიძლია. ეს გამოჩნდა შესარჩევის სამივე მატჩში.

9 ოქტომბერი. 20:00. კარდიფი. "კარდიფ სიტი"

უელსი-საქართველო 1:1 (1:0) ვიდეო

უელსი: ჰენესი, განტერი, ჩესტერი, ვილიამსი, ბენ დევისი, ტეილორი (კოტერილი 69), კინგი (რობსონ-კანუ 61), ლედლი (ჰაოუსი 73), ედვარდსი, ბეილი, უოქსი

მწვრთნელი: კრის კოულმენი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია, ანანიძე (კაჭარავა 90+3), ოქრიაშვილი (ჯიღაური 90+1), ყაზაიშვილი, მჭედლიძე (დვალიშვილი 75)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 1:0 ბეილი (10), 1:1 ოქრიაშვილი (57)

გაფრთხილება: დაუშვილი (45), გვილია (63), ოქრიაშვილი (76), კაშია (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) - 17 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:1 ჯარიმა: 8:13 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: პაოლო მაცოლენი (იტალია)

0.116295